სტატუსშეჩერებული სტუდენტები

ამილახვარი: ამ ეტაპზე, Freeuni-სა და Agruni-ს სტუდენტებს დავალიანება ვერ გაუნულდებათ

განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვარის თქმით, ამ ეტაპზე თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებს დავალიანებები ვერ გაუნულდებათ. ამილახვარი ამბობს, რომ სახელმწიფომ კერძო უნივერსიტეტებს არსებული დავალიანების ობიექტური საბაზრო ღირებულების ანაზღაურება შესთავაზა, რასაც, მისივე განცხადებით, ამ ორი სასწავლო დაწესებულების გარდა ყველა დათანხმდა.

"ირაკლი ღარბაშვილმა 15 სექტემბერს გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს დავალიანება გაუნულდებათ. მე და ფინანსთა მინისტრს დაგვევალა ამ მიმართულებით უნივერსიტეტებთან მუშაობა და მათთვის შესაბამისი სამართლებრივი და ფინანსური მექანიზმების შექმნა. ფინანსთა და განათლების სამინისტროებმა დავიწყეთ აქტიური მუშაობა და კომუნიკაცია როგორც სახელმწიფო, ასევე, კერძო უნივერსიტეტებთან სტუდენტთა დავალიანების განულების თაობაზე. უკლებლივ ყველა უნივერსიტეტის რექტორმა აღნიშნული გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა და მათ ხელი მოაწერეს შესაბამის მემორანდუმს. შედეგად, 30 000-ზე მეტ სტუდენტს დავალიანება სრულად გაუნულდება. სტუდენტებს არცერთი თეთრის გადახდა არ მოუწევთ და უნივერსიტეტები მათ არსებულ დავალიანებას სრულად გაუნულებენ. ამ გადაწყვეტილების ფარგლებში, ჩვენ კერძო უნივერსიტეტებს შევთავაზეთ არსებული დავალიანების ობიექტური საბაზრო ღირებულების ანაზღაურება, რასაც ყველა კერძო უნივერსიტეტი დათანხმდა, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გარდა. როგორც ჩანს, ამ უნივერსიტეტებს სხვა მოტივაცია აქვთ. ჩვენი ბაზების თანახმად, აგრარულ და თავისუფალ უნივერსიტეტებს მოცემულ მომენტში ფინანსური დავალიანების გამო დაახლოებით 1 000-მდე სტატუსშეჩერებული სტუდენტი ჰყავთ. ამ ეტაპზე, მათ დავალიანება ვერ გაუნულდებათ, რადგან, ჩვენ მიერ შეთავაზებული სამართლიანი პირობების მიუხედავად, მათ თანამშრომლობის სურვილი მაინც არ გამოთქვეს.

უკვე შევიმუშავეთ ის კრიტერიუმები, რომლის ფარგლებშიც უნდა მოხდეს ამ საკითხის სამართლებრივად დარეგულირება. ეს გადაწყვეტილება ეხებათ: საქართველოს მოქალაქე სტუდენტებს, რომელთაც 2023 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, ფინანსური დავალიანების გამო სტატუსი შეჩერებული აქვთ. ასევე, სტუდენტებს, რომელთა სტატუსის შეჩერებიდან არ არის გასული 5 წელი. საუბარია ყველა საფეხურის სტუდენტზე, როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო, ასევე სადოქტორო. უმოკლეს ვადებში შემუშავდება ყველა სამართლებრივი და საგადასახადო საფუძვლები, რომლებიც ორივე მხარეს, უნივერსიტეტებსაც და სტატუსშეჩერებულ სტუდენტებსაც სრულად გაათავისუფლებს არსებული ფინანსური და საგადასახადო ვალდებულებებისგან [...] ყველა სტატუსშეჩერებულ სტუდენტს, ვისაც სურვილი აქვს, რომ მიმდინარე სასწავლო წლის სემესტრში სტატუსი აღიდგინოს, უფლებამოსილია, თავის უნივერსიტეტს ახლავე მიმართოს, რომელიც თავისი შინაგანაწესის შესაბამისად, მათთვის სტატუსის გააქტიურებასა და სასწავლო პროცესში სტუდენტის სრულად ჩართვას უზრუნევლყოფს ". - თქვა ამილახვარმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.

ამილახვარმა უარყო მედიაში, მათ შორის, ტაბულაზე გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 20 სექტემბერს უნივერსიტეტების წარმომადგენლები განათლების სამინისტროში დაიბარეს და მოსთხოვეს, რომ სტუდენტებისთვის დავალიანებები გაენულებინათ.

"აქვე, მინდა, გამოვეხმაურო ზოგიერთი მედიის მიერ არაკონსტრუქციულ, პროცესების დამაზიანებელ, დეზინფორმაციის გავრცელებას, რომ თითქოს, სამინისტრო კერძო უნივერსიტეტებზე რაიმე ფორმით ზემოქმედებდა და სტუდენტებისთვის ფინანსური დავალიანების განულებას მათ ხარჯზე ცდილობდა. ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება". - ამბობს ამილახვარი.

ტაბულას ინფორმირებული წყაროს ცნობით, 20 სექტემბერს უნივერსიტეტების წარმომადგენლები განათლების სამინისტროში დაიბარეს და მოსთხოვეს, რომ სტუდენტებისთვის დავალიანებები თავად გაენულებინათ.

15 სექტემბერს საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაცხადა, რომ სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებს ფინანსური დავალიანებები გაუნულდებოდათ.

კომენტარები