სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს ფინანსური დავალიანება გაუნულდებათ. ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
"მოვიკითხე ეს ინფორმაცია, დაახლოებით 30 000-მდე სტუდენტს ფინანსური დავალიანების გამო აქვს შეჩერებული სტატუსი. ამიტომ, ჩემი გადაწყვეტილებით, ყველა ამ სტუდენტს, ვისაც შეჩერებული აქვს სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო, გაუნულდებათ დავალიანება. მათ შეეძლებათ, რომ სურვილის შემთხვევაში აღადგინონ სტუდენტის სტატუსი და გააგრძელონ სწავლა თავიანთ უნივერსიტეტებში" - თქვა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, ეს არის დაახლოებით 40 მილიონი ლარის დავალიანება. მან დაავალა განათლების და ფინანსთა მინისტრებს, "დღესვე დაიწყონ კომუნიკაცია" და "სასწრაფოდ მოაგვარონ" საკითხი.
"ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს ახალგაზრდებს, ჩვენს სტუდენტებს მიეცეთ საშუალება, ამ ფინანსური დავალიანების ჩამოწერის შემდეგ, კვლავაც შეძლონ, გააგრძელონ სწავლა" - ამბობს პრემიერმინისტრი.