სტატუსშეჩერებული სტუდენტები

კირთაძე სტუდენტური დავალიანების განულებაზე: კორუფციული სისტემის ტიპურ გამოვლინებას ვხედავთ

ევროპული საქართველოს წევრი, თენგო კირთაძე სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის დავალიანების ჩამოწერის თაობაზე მთავრობის ინიციატივასა და განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებას გამოეხმაურა. კირთაძის თქმით, ისინი ამაში კორუფციული, ოლიგარქიული სისტემის ტიპურ გამოვლინებას ხედავენ.

"მსგავსი სამთავრობო ინიციატივები - სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის დავალიანების ჩამოწერის, არც პოლიტიკურად და არც სოციალური თვალსაზრისით სწორი გზა არ არის. ეს სტუდენტების მდგომარეობას არ აუმჯობესებს და ვერც განათლების სისტემის პრობლემებს აღმოფხვრის. ამ მოვლენებში ჩვენ კორუფციული, ოლიგარქიული სისტემის ტიპურ გამოვლინებას ვხედავთ, რომელიც კერძო სექტორის შანტაჟში მდგომარეობს - მათი ფინანსური შესაძლებლობებისა და მოთხოვნების ხარჯზე საკუთარი პოლიტიკური ქულების ჩაწერაში. ვინც ამას წინააღმდეგობას უწევს, ამ შემთხვევაში, ეს თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები იყო - მათი რეპუტაციული გაშავება და დაზიანება ხდება, რაც სრულიად მიუღებელია". - თქვა კირთაძემ.

განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვარის თქმით, ამ ეტაპზე თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებს დავალიანებები ვერ გაუნულდებათ. ამილახვარი ამბობს, რომ სახელმწიფომ კერძო უნივერსიტეტებს არსებული დავალიანების ობიექტური საბაზრო ღირებულების ანაზღაურება შესთავაზა, რასაც, მისივე განცხადებით, ამ ორი სასწავლო დაწესებულების გარდა ყველა დათანხმდა.

ამილახვარის თქმით, დავალიანება სულ 30 000-ზე მეტ სტუდენტს გაუნულდება.


ტაბულას ინფორმირებული წყაროს ცნობით, 20 სექტემბერს უნივერსიტეტების წარმომადგენლები განათლების სამინისტროში დაიბარეს და მოსთხოვეს, რომ სტუდენტებისთვის დავალიანებები თავად გაენულებინათ.

15 სექტემბერს საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაცხადა, რომ სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებს ფინანსური დავალიანებები გაუნულდებოდათ.

კომენტარები