გაფიცვა ჰოლივუდში

ჰოლივუდში სცენარისტების 146-დღიანი გაფიცვა დასრულდა

ჰოლივუდის გაფიცულმა სცენარისტებმა და პროდიუსერთა ასოციაციამ შეთანხმებას მიაღწიეს. გაზაფხულზე დაწყებული გაფიცვა 146 დღის შემდეგ დასრულდა.

სცენარისტთა გილდიამ (WGA) და პროდიუსერთა ალიანსმა (AMPTP) ახალი, 3-წლიანი ხელშეკრულება დადეს. ახალი კონტრაქტის მიხედვით სცენარისტები სტრიმინგის სერვისებზე გაშვებული პროდუქტებიდან დამატებით შემოსავალს მიიღებენ. ასევე WGA-ს წევრებმა სფეროში ხელოვნური ინტელექტის ჩართულობა შეამცირეს.

ჰოლივუდში გაფიცვას აგრძელებენ მსახიობები, რომლებიც სცენარისტებს მოგვიანებით, თითქმის ანალოგიური მოთხოვნებით შეუერთდნენ.


სცენარისტების გაფიცვა მიმდინარე წლის 2 მაისს დაიწყო. გაფიცვაში სცენარისტთა ასოციაცია Writers Guild of America-ში გაწევრიანებული 9000 წევრი მონაწილეობდა. გაფიცვის გამო შეჩერდა მუშაობა სერიალზე Stranger Things.

13 ივლისს კინომსახიობთა გილდიამ (SAG - AFTRA) ჰოლივუდის პროდიუსერებთან შეთანხმებას ვერ მიაღწია. მსახიობები გაფიცულ სცენარისტებს შეუერთდნენ.

SAG - AFTRA-ს რიგებში 160 000-ზე მეტი მსახიობია რეგისტრირებული. მათმა უმრავლესობამ (98%) გაფიცვას დაუჭირა მხარი, ხმის მიცემაში 48%-მა მიიღო მონაწილეობა, შესაბამისად გაფიცვას 70 000-ზე მეტი წევრი უჭერს მხარს. პროფკავშირი სფეროში ხელოვნური ინტელექტის გავლენის შემცირებასა და სტრიმინგ სერვისებზე ჩვენებით მიღებული ანაზღაურების გაზრდას ითხოვს. პროფკავშირის რიგებში კინოს, ტელევიზიისა და რადიოს მსახიობები, ასევე კასკადიორები არიან გაწევრიანებულნი. SAG-AFTRA უკანასკნელად 1980 წელს, სამი თვით გაიფიცა. 

გაფიცულ მსახიობებს შორის არიან მერილ სტრიპი, მარკ რაფალო, რობერტ დაუნი ჯუნიორი, ჯეინ ფონდა, მეთ დეიმონი, ჯენიფერ ლოურენსი, ემილი ბლანტი და სხვები.

გაფიცულებს მხარი დაუჭირა რეპერმა სნუპ დოგმა და ჰოლივუდში დაგეგმილი ორი კონცერტი გააუქმა.

იმავე პერიოდში გაფიცვას აპირებდნენ რეჟისორებიც, თუმცა გაფიცვა არ შედგა, ვინაიდან პროდიუსერებმა ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილეს.

მხარეები რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს, მაგრამ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

გაფიცვის გამო 2023 წლის სექტემბერში ჩანიშნული ემის დაჯილდოება 2024 წლის იანვარში გადაიტანეს.

გაფიცვის გამო ერთი წლით გადაიდო დენი ვილნევის მომავალი ბლოკბასტერის, დიუნი 2-ის პრემიერა.

კომენტარები