ემის დაჯილდოება

ემის დაჯილდოების ცერემონია ჰოლივუდში მიმდინარე გაფიცვის გამო 2024 წლის იანვარში გაიმართება

ემის დაჯილდოების ცერემონია ჰოლივუდში მიმდინარე მსახიობებისა და სცენარისტების გაფიცვის გამო 2024 წლის იანვრამდე გადაიდო.

დაჯილდოების ცერემონია 18 სექტემბერს უნდა გამართულიყო. უკანასკნელად ემი 2001 წელს, 11 სექტემბრის ტერაქტის გამო გადაიდო.

ყველაზე ცნობილი სატელევიზიო დაჯილდოების წლევანდელი ლიდერები Succession, The Last of Us და The White Lotus არიან.


13 ივლისს კინომსახიობთა გილდიამ (SAG - AFTRA) ჰოლივუდის პროდიუსერებთან შეთანხმებას ვერ მიაღწია. მსახიობები გაფიცულ სცენარისტებს შეუერთდნენ.

SAG - AFTRA-ს რიგებში 160 000-ზე მეტი მსახიობია რეგისტრირებული. მათმა უმრავლესობამ (98%) გაფიცვას დაუჭირა მხარი, ხმის მიცემაში 48%-მა მიიღო მონაწილეობა, შესაბამისად გაფიცვას 70 000-ზე მეტი წევრი უჭერს მხარს. პროფკავშირი სფეროში ხელოვნური ინტელექტის გავლენის შემცირებასა და სტრიმინგ სერვისებზე ჩვენებით მიღებული ანაზღაურების გაზრდას ითხოვს. პროფკავშირის რიგებში კინოს, ტელევიზიისა და რადიოს მსახიობები, ასევე კასკადიორები არიან გაწევრიანებულნი. SAG-AFTRA უკანასკნელად 1980 წელს, სამი თვით გაიფიცა. პროფკავშირის წევრები პროდიუსერებს მოსალაპარაკებლად 7 ივნისს შეხვდებიან. მსახიობები გაფიცვას ივნისში აპირებდნენ, თუმცა პროდიუსერებმა შეხვედრაზე თანხმობა თქვეს და გაფიცვა გადაიდო.

"შეურაცხმყოფელი და უპატივცემულო დამოკიდებულებაა. შეხვედრაზე კინოკომპანიებმა ჩვენთვის საინტერესო თემებზე არ ილაპარაკეს". – ამბობს კინომსახიობთა გილდიის ხელმძღვანელი ფრენ დრეშერი.

გაფიცულ მსახიობებს შორის არის მერილ სტრიპი, მარკ რაფალო, რობერტ დაუნი ჯუნიორი, ჯეინ ფონდა, მეთ დეიმონი, ჯენიფერ ლოურენსი, ემილი ბლანტი და სხვები.

ჰოლივუდში მსახიობების გაფიცვის პარალელურად რამდენიმე თვეა სცენარისტების გაფიცვა მიმდინარეობს. გაფიცვაში სცენარისტთა ასოციაცია Writers Guild of America-ში გაწევრიანებული 9000 წევრი მონაწილეობს. გაფიცვის გამო შეჩერდა მუშაობა სერიალზე Stranger Things.

გაფიცულებს მხარი დაუჭირა რეპერმა სნუპ დოგმა და ჰოლივუდში დაგეგმილი ორი კონცერტი გააუქმა.

იმავე პერიოდში გაფიცვას აპირებდნენ რეჟისორებიც, თუმცა გაფიცვა არ შედგა, ვინაიდან პროდიუსერებმა ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილეს.

კომენტარები