ჰოლივუდში კიდევ ერთი მრავალთვიანი გაფიცვა დასრულდა. კინომსახიობთა გილდიამ (SAG) პროდიუსერებთან შეთანხმებას მიაღწა.
ახალი კონტრაქტის ჯამური ღირებულება 1 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. გაფიცვა ფორმალურად 10 ნოემბერს დასრულდება, როდესაც კინომსახიობთა გილდიის წევრები კენჭისყრაზე გაფიცვის დასრულების გადაწყვეტილება მისცემენ ხმას.
განახლებული შეთანხმების მთავარი პუნქტებია:
- იზრდება მინიმალური გადასახადი
- პირველად შემოდის ბონუსების სისტემა სტრიმინგის სერვისის პროდუქტებზე
- შემცირდება ხელოვნური ინტელექტის ჩარევა სფეროში ან ჩარევის შემთხვევაში გაიცემა შესაბამისი ანაზღაურება
13 ივლისს კინომსახიობთა გილდიამ (SAG - AFTRA) ჰოლივუდის პროდიუსერებთან შეთანხმებას ვერ მიაღწია. მსახიობები გაფიცულ სცენარისტებს შეუერთდნენ.
SAG - AFTRA-ს რიგებში 160 000-ზე მეტი მსახიობია რეგისტრირებული. მათმა უმრავლესობამ (98%) გაფიცვას დაუჭირა მხარი, ხმის მიცემაში 48%-მა მიიღო მონაწილეობა, შესაბამისად გაფიცვას 70 000-ზე მეტი წევრი უჭერს მხარს. პროფკავშირი სფეროში ხელოვნური ინტელექტის გავლენის შემცირებასა და სტრიმინგ სერვისებზე ჩვენებით მიღებული ანაზღაურების გაზრდას ითხოვს. პროფკავშირის რიგებში კინოს, ტელევიზიისა და რადიოს მსახიობები, ასევე კასკადიორები არიან გაწევრიანებულნი. SAG-AFTRA უკანასკნელად 1980 წელს, სამი თვით გაიფიცა.
25 სექტემბერს დასრულდა ჰოლივუდის სცენარისტების 146-დღიანი გაფიცვა.