გაფიცვა ჰოლივუდში

კრისტოფერ ნოლანი: სანამ გაფიცვაა ახალ ფილმზე მუშაობას არ დავიწყებ

კრისტოფერ ნოლანმა გაფიცულ სცენარისტებსა და მსახიობებს მხარი დაუჭირა. კითხვაზე გადაიღებს თუ არა რეჟისორი ახლო მომავალში ახალ ფილმს, Inception-ის რეჟისორმა ასე უპასუხა:

"რა თქმა უნდა არა. ძალიან მნიშვნელოვანი ყველამ გაიაზროს, რამდენად მნიშვნელოვანი მომენტი დგება დასაქმებულებსა და ჰოლივუდს შორის. არ ვსაუბრობ არც ჩემზე, არც ჩემი ფილმების ვარსკვლავებზე. ვსაუბრობ მსახიობებზე, კასკადიორებზე, სერიალების სცენარისტებზე, რომლებიც საკუთარი ოჯახების შენახვას ცდილობენ". – განაცხადა ნოლანმა.

კრისტოფერ ნოლანის ახალი ფილმის ოპენჰაიმერის პრემიერა 20 ივლისს გაიმართა. პრემიერაზე მისული ვარსკვლავები წითელი ხალიჩიდან პირდაპირ გაფიცული მსახიობების მიერ მოწყობილ საპროტესტო აქციაზე წავიდნენ.


13 ივლისს კინომსახიობთა გილდიამ (SAG - AFTRA) ჰოლივუდის პროდიუსერებთან შეთანხმებას ვერ მიაღწია. მსახიობები გაფიცულ სცენარისტებს შეუერთდნენ.

SAG - AFTRA-ს რიგებში 160 000-ზე მეტი მსახიობია რეგისტრირებული. მათმა უმრავლესობამ (98%) გაფიცვას დაუჭირა მხარი, ხმის მიცემაში 48%-მა მიიღო მონაწილეობა, შესაბამისად გაფიცვას 70 000-ზე მეტი წევრი უჭერს მხარს. პროფკავშირი სფეროში ხელოვნური ინტელექტის გავლენის შემცირებასა და სტრიმინგ სერვისებზე ჩვენებით მიღებული ანაზღაურების გაზრდას ითხოვს. პროფკავშირის რიგებში კინოს, ტელევიზიისა და რადიოს მსახიობები, ასევე კასკადიორები არიან გაწევრიანებულნი. SAG-AFTRA უკანასკნელად 1980 წელს, სამი თვით გაიფიცა. პროფკავშირის წევრები პროდიუსერებს მოსალაპარაკებლად 7 ივნისს შეხვდებიან. მსახიობები გაფიცვას ივნისში აპირებდნენ, თუმცა პროდიუსერებმა შეხვედრაზე თანხმობა თქვეს და გაფიცვა გადაიდო.

"შეურაცხმყოფელი და უპატივცემულო დამოკიდებულებაა. შეხვედრაზე კინოკომპანიებმა ჩვენთვის საინტერესო თემებზე არ ილაპარაკეს". – ამბობს კინომსახიობთა გილდიის ხელმძღვანელი ფრენ დრეშერი.

გაფიცულ მსახიობებს შორის არის მერილ სტრიპი, მარკ რაფალო, რობერტ დაუნი ჯუნიორი, ჯეინ ფონდა, მეთ დეიმონი, ჯენიფერ ლოურენსი, ემილი ბლანტი და სხვები.

ჰოლივუდში მსახიობების გაფიცვის პარალელურად რამდენიმე თვეა სცენარისტების გაფიცვა მიმდინარეობს. გაფიცვაში სცენარისტთა ასოციაცია Writers Guild of America-ში გაწევრიანებული 9000 წევრი მონაწილეობს. გაფიცვის გამო შეჩერდა მუშაობა სერიალზე Stranger Things.

ცოტა ხნის წინ გაფიცვას აპირებდნენ რეჟისორებიც, თუმცა გაფიცვა არ შედგა, ვინაიდან პროდიუსერებმა ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილეს.

კომენტარები