Stranger Things-ის ახალი სეზონის გადაღებები ჰოლივუდში მიმდინარე სცენარისტების მასშტაბური გაფიცვის გამო შეჩერდა.
"ტექსტზე მუშაობა გადაღების დროსაც არ ჩერდება. ჩვენ მზად ვართ დავიწყოთ სერიალზე მუშაობა, მაგრამ სცენარისტების გაფიცვის ფონზე ეს შეუძლებელია. იმედი გვაქვს, რომ სამართლიანი შეთანხმება მალე იქნება მიღწეული და ყველანი სამუშაოს დავუბრუნდებით". – წერენ სოციალურ ქსელში სერიალის შემქმნელები ძმები დაფერები.
ახალი სეზონი 2024 წლის მეორე ნახევარში უნდა გამოსულიყო, თუმცა შეფერხების გამო პრემიერის თარიღმა შეიძლება გადაიწიოს. Stranger Things მეხუთე სეზონით დასრულდება.
სცენარისტების გაფიცვის გამო ასევე შეჩერდა Marvel-ის ბლოკბასტერის, ბლეიდის გადაღებები.
ჰოლივუდში სცენარისტების გაფიცვა მიმდინარეობს. უკანასკნელად ამ მასშტაბების გაფიცვა 15 წლის წინ მოხდა.
სცენარისტები ორგანიზაცია Writers Guild of America(WGA)-ს წევრები არიან. WGA-ს რიგებში 10 000-ზე მეტი პროფესიონალია გაწევრიანებული, მათგან 9000-მა მუშაობაზე უარი განაცხადა. გაფიცვის შედეგად შესაძლოა რამდენიმე მიმდინარე სერიალი და სატელევიზიო შოუ გაჩერდეს, ასევე გახანგრძლივების შემთხვევაში პრობლემები შეექმნებათ კინოსტუდიებსაც.
გაფიცულები მხატვრული და სატელევიზიო ფილმების პროდიუსერების ალიანსისგან(AMPTP) ანაზღაურების გაზრდას ითხოვენ. AMPTP-ის წევრები უმსხვილესი კინოკომპანიები, მათ შორის Disney და Netflix არიან.
წყარო: Variety