რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი აშშ-სთან იარაღის ერთობლივ წარმოებაზე: რაც იყო ფანტაზია, იქცევა რეალობად

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
Ukrainian Presidential Press Office/AP

ყოველდღიური ვიდეომიმართვის დროს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იარაღის ერთობლივად წარმოების შესახებ აშშ-ს გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდა.

"არსებობს ამერიკის ისტორიული გადაწყვეტილება იარაღისა და თავდაცვის სისტემების, მათ შორის, საჰაერო თავდაცვის სისტემების ერთობლივად წარმოების შესახებ. ეს ბოლო დრომდე აბსოლუტური ფანტაზია იყო, მაგრამ რეალობად იქცევა. ჩვენ ამას რეალობად ვაქცევთ. ყველა, ვინც სახელმწიფოსთვის მუშაობს". - თქვა ზელენსკიმ.

გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტმა გასულ კვირას დასავლელი პარტნიორების მიერ კიევისთვის გამოყოფილი თავდაცვის ახალი პაკეტებისა და სხვა წარმატებების გამო პროდუქტიული უწოდა.

"შეერთებული შტატებისგან მივიღეთ არტილერია, საჭირო ჭურვები, რაკეტები HIMARS-ისთვის, რაკეტები საჰაერო თავდაცვისთვის, საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემები, ტაქტიკური მანქანები და ზოგიერთი სხვა იარაღი, რომელთა შესახებაც პირველად ბრძოლის ველზე გახდება ცნობილი.

კანადიდან ჩვენ ნახევარი მილიარდი დოლარის თავდაცვითი გრძელვადიანი მხარდაჭერის გადაწყვეტილება გვაქვს. კონკრეტულად, ესენია Medevac-ები, საევაკუაციო მანქანები, რომლებიც ძალიან საჭიროა ფრონტზე. ჩვენ წარმოებასა და მიწოდებაზე შევთანხმდით". - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად 18 სექტემბერს ჩავიდა. ის 19 სექტემბერს გაეროს წინაში სიტყვითაც წარსდგა. 21 სექტემბერს ზელენსკი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენს თეთრ სახლში შეხვდა. 22 სექტემბერს კი მოულოდნელი ვიზიტით კანადაში ჩავიდა და ჯასტინ ტრუდოს შეხვდა.

კომენტარები