რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპირებულ დონეცკში მარიონეტმა ხელისუფლებამ სამხედრო ცენზურა და კომენდანტის საათი დააწესა

ვლადიმირ პუტინი აჯილდოებს დენის პუშილინს
Kremlin-aligned news agency TASS

ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის რუსეთის მიერ დანიშნულმა ხელმძღვანელმა, დენის პუშილინმა დონეცკის ოლქში ახალ აკრძალვებსა და შეზღუდვებზე გასცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც, იზღუდება სამოქალაქო უფლებები, მყარდება სამხედრო ცენზურა და კომენდანტის საათი წესდება.

ახალი განკარგულების მიხედვით, კონტროლსა და ცენზურას ექვემდებარება მოსახლეობის სატელეფონო ზარები, შეტყობინებები და საფოსტო გზავნილები.

გარდა ამისა, იკრძალება მიტინგების, დემონსტრაციების, მარშების, პიკეტებისა და გაფიცვების მოწყობა. იზღუდება ნებისმიერი სახის მასობრივი შეკრების უფლება ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის შესაბამისი უწყებებისაგან თანხმობის მიღების გარეშე.

ამასთან, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 23:00-დან 04:00-მდე საჯარო და კერძო ტრანსპორტით მოძრაობა იზღუდება და რიგით მოქალაქეებს გადაადგილება ეკრძალებათ. 

შეზღუდვა არ ეხებათ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის საჯარო მოხელეებს, რომლებიც საკუთარ "სამსახურებრივ ვალდებულებას" ასრულებენ.


8-10 სექტემბერს რუსეთმა მუნიციპალური არჩევნები უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზეც ჩაატარა, რაც უკრაინამ თავის მოკავშირეებთან ერთად დაგმო და საერთაშორისო კანონდარღვევა უწოდა.

რუსეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ყველა ოლქში არჩევნები რუსეთის მმართველმა პარტიამ, Единая Россия-მ გაიმარჯვა.

ეს "არჩევნები" ასევე დაგმო ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეფ ბორელმა.

"ევროკავშირი კატეგორიულად გმობს არალეგიტიმური ე.წ. არჩევნების ჩატარებას ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქალაქ სევასტოპოლში, ასევე დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში". – თქვა მან.

ე.წ. არჩევნები აზერბაიჯანმაც დაგმო, რის გამოც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, ბაქოს დიპლომატიური დემარში გამოუცხადეს.

კომენტარები