ჟურნალისტებზე თავდასხმა

უნდა მოხდეს მყისიერი რეაგირება – სახალხო დამცველი ჟურნალისტების ცემაზე

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება 20 სექტემბერს ოთარ ფარცხალაძის დაცვის მიერ TV პირველისა და ფორმულას თანამშრომლებზე თავდასხმას. 

ომბუდსმენი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდებს, მოახდინოს პასუხისმგებელ პირთა იდენტიფიცირება და სწრაფი რეაგირება, რათა ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლა არ გახდეს წახალისებული.

"საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება ტელეკომპანიების პირველისა და
ფორმულას ჟურნალისტებზე თავდასხმას და მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო
სამსახურს, მოახდინოს პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება და სწრაფად და
სრულფასოვნად ჩაატაროს ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.
სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს აღნიშნულ ფაქტებზე მოხდეს
მყისიერი რეაგირება და ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლა არ გახდეს
წახალისებული. საქართველოს სახალხო დამცველი თავისი მანდატის ფარგლებში შეისწავლის მომხდარ ფაქტს". – წერია სახალდო დამცველის განცახდებაში.

შეგახსენებთ, რომ 20 სექტემბერს ოთარ ფარცხალაძის დაცვა TV პირველისა და ფორმულას თანამშრომლებს თავს დაესხა მაშინ, როდესაც ჟურნალისტები ცდილობდნენ, გაეგოთ, იმყოფებოდა თუ არა ოთარ ფარცხალაძე ტერიტორიაზე. 

"შაბათის ეთერის აეროგადაღების კამერის დანახვის შემდეგ, ისინი თავდასხმაზე გადავიდნენ, წაართვეს ტელეფონი ჩვენს ჟურნალისტს, მარიამ გაფრინდაშვილს, სავარაუდოდ, ცდილობდნენ მობილურიდან, მისი პირადი ინფორმაციის და ტელეფონში შენახული კადრების მოპოვებას" – დაწერა მელაძემ და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა.

ფარცხალაძის დაცვამ ფორმულას ოპერატორსა და ჟურნალისტსაც სცემა. დავით ქაშიკაშვილის თქმით, საჭირო გახდა სასწრაფოს გამოძახება. 

"იმყოფებოდა თუ არა აქ ოთარ ფარცხალაძე, მხოლოდ ეს კითხვა გვქონდა. ამან დაცვის წევრების გაღიზიანება გამოიწვია. პირველ რიგში, ოპერატორებზე მოხდა ძალადობა. მინდოდა, დამეცვა ჩვენი ოპერატორი და ტექნიკა და სწორედ ამ დროს შუბლის არეში მომაყენეს დაზიანება" –  ამბობს შაბათის ფორმულას ჟურნალისტი.

კომენტარები