ჟურნალისტებზე თავდასხმა

მთავარი არხის ჟურნალისტსა და ოპერატორზე ფიზიკური ძალადობისთვის ალტ-ინფოს 2 წევრი დააკავეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 17 მარტს ზუგდიდში, მთავარი არხის ჟურნალისტის, ემა გოგოხიასა და მისი ოპერატორის, ზვიად აბლოთიას მიმართ ფიზიკური ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე პუტინისტური ალტ-ინფოს პარტიის 2 წევრი დააკავა.

"დაკავებულია ორი პირი, პოლიტიკური პარტია კონსერვატიული მოძრაობის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი და მისი თანამზრახველი.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2022 წლის 17 მარტს, ფაქტზე გამოძიება შემოსული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო, რომლის თანახმადაც ზუგდიდში, ალტ-ინფოს წარმომადგენლებმა, მთავარი არხის ჟურნალისტსა და მის ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საქმეზე ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩაატარა, გამოიკითხნენ დაზარალებული ჟურნალისტი, ოპერატორი და სამართალდამცველები, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, დანაშაულის ადგილიდან ამოღებულ იქნა სათვალთვალო ვიდეო კამერების ჩანაწერები, მოხდა მათი დეტალური შესწავლა, დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 17 მარტს, ტელეკომპანია მთავარი არხის ჟურნალისტი ემა გოგოხია და ამავე არხის ოპერატორი, ზვიად აბლოთია ინტერვიუს ჩასაწერად ზუგდიდში, პოლიტიკური პარტია კონსერვატიული მოძრაობის ოფისთან იმყოფებოდნენ. ამ დროს, ადგილზე სწრაფი სვლით მივიდა ავტომანქანა, საიდანაც ბრალდებულები გადმოვიდნენ. ისინი შეურაცხმყოფელი შეძახილებითა და გინებით, ჟურნალისტსა და მის ოპერატორს ინტერვიუს ჩაწერის შეწყვეტას და მიმდებარე ტერიტორიის დატოვებას სთხოვდნენ. განხორციელებული დევნის დროს, ბრალდებულებმა ჟურნალისტს და მის ოპერატორს სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს. - წერია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავებულებს ბრალი  საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ.

ემა გოგოხია ამბობს, რომ მის ოპერატორს 8 კაცი კასტეტებით "უმოწყალოდ ურტყამდა". მისივე თქმით, ძალადობის ფაქტს საპატრულო პოლიცია შორიდან უყურებდა და მხოლოდ მოქალაქეების რეაგირების შემდეგ ჰქონდათ რეაქცია. ჟურნალისტი აცხადებს, რომ გადამღებ ჯგუფს თავს მას შემდეგ დაესხნენ, რაც ალტ-ინფოს ოფისზე უკრაინის მხარდამჭერი წარწერების მერიის თანამშრომლების მიერ წაშლის ფაქტი გადაიღეს.

კომენტარები