ჟურნალისტებზე თავდასხმა

მე რა ვიცი, უნდა დაიჭირონ თუ არა – კობახიძე ჟურნალისტების ცემაზე

ქართული ოცნება

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამერიკის მიერ სანქცირებული ყოფილი გენპროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დაცვის მიერ ჟურნალისტების ცემის ფაქტზე ამბობს, რომ საქმე შესაბამისმა უწყებებმა უნდა შეისწავლონ.

"მე რა ვიცი, უნდა დაიჭირონ თუ არა, პროკურატურა ვარ თუ რა ვარ, კაცო", – თქვა ირაკლი კობახიძემ ოთარ ფარცხალაძის დაცვის მიერ ჟურნალისტებზე ძალადობასთან დაკავშირებით. 

"ძალიან ცუდია, რა ვიცი", – ასე პასუხობს კობახიძე კითხვას ჟურნალისტებზე ძალადობის შესახებ. 

შეგახსენებთ, რომ 20 სექტემბერს ოთარ ფარცხალაძის დაცვამ TV პირველისა და ფორმულას თანამშრომლებს თავს დაესხა. ჟურნალისტები ცდილობდნენ, გაეგოთ, იმყოფებოდა თუ არა ოთარ ფარცხალაძე ტერიტორიაზე. 

"შაბათის ეთერის აეროგადაღების კამერის დანახვის შემდეგ, ისინი თავდასხმაზე გადავიდნენ, წაართვეს ტელეფონი ჩვენს ჟურნალისტს, მარიამ გაფრინდაშვილს, სავარაუდოდ, ცდილობდნენ მობილურიდან, მისი პირადი ინფორმაციის და ტელეფონში შენახული კადრების მოპოვებას" – დაწერა მელაძემ და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა.

ფარცხალაძის დაცვამ ფორმულას ოპერატორსა და ჟურნალისტსაც სცემა. დავით ქაშიკაშვილის თქმით, საჭირო გახდა სასწრაფოს გამოძახება. 

"იმყოფებოდა თუ არა აქ ოთარ ფარცხალაძე, მხოლოდ ეს კითხვა გვქონდა. ამან დაცვის წევრების გაღიზიანება გამოიწვია. პირველ რიგში, ოპერატორებზე მოხდა ძალადობა. მინდოდა, დამეცვა ჩვენი ოპერატორი და ტექნიკა და სწორედ ამ დროს შუბლის არეში მომაყენეს დაზიანება" –  ამბობს შაბათის ფორმულას ჟურნალისტი.

კომენტარები