ჟურნალისტებზე თავდასხმა

ოთარ ფარცხალაძის დაცვა TV პირველის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხა – ნოდარ მელაძე

ნოდარ მელაძის ინფორმაციით, სანქცირებული ყოფილი გენპროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დაცვა თავს დაესხა შაბათის ეთერის გადამღებ ჯგუფს და სამაუწყებლო აპარატურა წაართვა.

"შაბათის ეთერის აეროგადაღების კამერის დანახვის შემდეგ, ისინი თავდასხმაზე გადავიდნენ, წაართვეს ტელეფონი ჩვენს ჟურნალისტს, მარიამ გაფრინდაშვილს, სავარაუდოდ, ცდილობდნენ მობილურიდან, მისი პირადი ინფორმაციის და ტელეფონში შენახული კადრების მოპოვებას" - წერს მელაძე და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართავს.

"ჟურნალისტებზე თავდასხმის თაროზე შემოდებული საქმეების რიგში უნდა ჩაწეროთ ეს, თუ რუსეთის მოქალაქე ოთარ ფარცხალაძის დაცვაა თქვენთვის მთავარი" - წერს მელაძე და აღნიშნავს, რომ საქმეს პროკურატურა ზედამხედველობს და მათ რეაგირებას ელის.

როგორც ტაბულას საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელმა უთხრა, ისინი დაუკავშირდნენ როგორც ფორმულას, ისე TV პირველის გადამღებ ჯგუფს და საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები