ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

კანცელარიასთან ენმ-ს ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივანი დააკავეს

ტაბულა

მთავრობის ადამინისტრაციასთან გამართულ აქციაზე ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივანი, იგორ ნარმანია დააკავეს.

აქციის მონაწილეები ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი შვილის ჩარტერული რეისით პირადი მიზნებისთვის გამგზავრებას აპროტესტებდნენ და საქართველოს პრემიერმინისტრის გადადგომას ითხოვდნენ. 


ნოდარ მელაძის შაბათის ინფორმაციით, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა. Georgian Airways-ის ხელმძღვანელი, თამაზ გაიაშვილი კი, TV პირველთან ამბობს, რომ მისმა კომპანიამ პრემიერმინისტრი მიუნხენში წაიყვანა. სწორედ იქიდან გაფრინდა ირაკლი ღარიბაშვილი შვილთან ერთად აშშ-ში.

საქართველოს მთავრობის სტრატკომი ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში მგზავრობის შესახებ TV პირველის ეთერში გასულ სიუჟეტს "დეზინფორმაციულს" უწოდებს. სტრატკომის შეფასებით, "ტელეკომპანიამ მიზანმიმართულად გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას".

მთავრობის სტრატკომი კვლავ ირწმუნება, რომ რეისი, რომლითაც პრემიერმინისტრი მიუნხენში გაემგზავრა, იყო კომერციული და ამ "კერძო ვიზიტისას პრემიერმინისტრის მგზავრობის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა".

ქართული ოცნების ლიდერების - კახა კალაძისა და ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ირაკლი ღარიბაშვილის ჩარტერული რეისისთვის "არცერთი თეთრი არ დახარჯულა ბიუჯეტიდან" და ყველა ხარჯი მისი პირადი თანხებით დაიფარა.

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შვილი, ნიკოლოზი აშშ-ს პენსილვანიის უნივერსიტეტში სწავლობს, რომელიც ბენჯამინ ფრანკლინის დაარსებულია. 

კომენტარები