რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის თავდაცვის ძალები მელიტოპოლისა და ბახმუტის ფრონტებზე დაწინაურდნენ – გენშტაბი

უკრაინელი სამხედროები პიონის ტიპის ქვემეხებიდან ისვრიან.
AFP

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალები მელიტოპოლისა და ბახმუტის ფრონტებზე შეტევით ოპერაციებს განაგრძობენ. უკრაინელი სამხედროები ზაპოროჟიეს ოლქის სოფელ რობოტინეს სამხრეთით მდებარე დასახლებებისა და დონეცკის ოლქის სოფელ კლიშჩიივკას მიმართულებებით დაწინაურდნენ.

გენერალური შტაბის ინფორმაციითვე, გასული დღე-ღამის განმავლობაში ჯამში 26 საბრძოლო მოქმედება განხორციელდა. რუსეთმა უკრაინულ პოზიციებსა და დასახლებებზე 2 სარაკეტო შეტევა და 29 საჰაერო დარტყმა განახორციელა.

4 სექტემბერს, ზელენსკის ფრონტზე ყოფნის პარალელურად უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმაც თქვა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გასული კვირის განმავლობაში ბახმუტის ფრონტზე 3 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორია გაათავისუფლეს. მანვე დასძინა, რომ ზაპოროჟიეს ფრონტზე, ნოვოდანილივკასა და ნოვოპროკოპივკას მიმართულებებით წარმატებები აქვთ.

5 სექტემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ 18-თვიან ომში ამჟამად მთავარი აქცენტი უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ზაპოროჟიეს რეგიონზეა.

6 სექტემბერს ოკუპირებული ზაპოროჟიეს ოლქის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ევგენი ბალიცკიმ გადაცემა Соловьев Live-ის პირდაპირ ეთერში აღიარა, რომ რუსულმა სამხედრო ნაწილებმა სოფელი რობოტინე "ტაქტიკურად დატოვეს".

უფრო ადრე, 28 აგვისტოს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა თქვა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა რობოტინე სრულად გაათავისუფლეს.

კომენტარები