რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის ჯარებმა რობოტინე "ტაქტიკურად დატოვეს" – ზაპოროჟიეს ოლქის დეფაქტო ლიდერი

ოკუპირებული ზაპოროჟიეს ოლქის დეფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ევგენი ბალიცკიმ გადაცემა Соловьев Live-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ რუსულმა სამხედრო ნაწილებმა სოფელი რობოტინე დატოვეს.

"რუსულმა ჯარმა ტაქტიკურად დატოვა ეს დასახლებული პუნქტი, იმიტომ რომ ღია სივრცეში გამაგრება, როდესაც სანგრების გათხრის საშუალება არ გაქვს არამიზანშეწონილია. ამიტომაც რუსულმა ჯარმა შემაღლებული ადგილებისკენ დაიხია". – განაცხადა ბალიცკიმ.

29 აგვისტოს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა რობოტინეს გათავისუფლების შესახებ განცხადება გააკეთა. ოფიციალურ დასტურამდე რამდენიმე დღით ადრე ცნობილი იყო, რომ უკრაინელებმა დასახლება ჯერ ნაწილობრივ, შემდეგ კი სრულად დაიბრუნეს. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დღემდე არ აღიარებს რობოტინეს დაკარგვას. 5 სექტემბრის სამხედრო ანგარიშში წერია, რომ რუსულმა სამხედრო შენაერთდებმა ორჯერ წარმატებით მოიგერიეს უკრაინელების თავდასხმა. 

ოკუპირებული ზაპოროჟიეს დეფაქტო ხელმძღვანელი პირველია რუსული მხრიდან ვინც რობოტინეს დაკარგვა დაადასტურა.

სამხედრო ანალიტიკოსების აზრით რობოტინეს დაბრუნებას მნიშვნელოვანი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ დასახლების მიმართულებით რუსეთმაც გადმოისროლა სამხედრო შენაერთები.

კომენტარები