რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინელებმა რუსული ძალების თავდაცვითი ხაზების გარღვევა შეძლეს – სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი
Gints Ivuskans/AFP

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ უკრაინულმა ჯარებმა შეძლეს რუსული თავდაცვის გარღვევა და კონტრშეტევისას პროგრესს მიაღწიეს.

"უკრაინელები თანდათან აღწევენ წარმატებებს... მათ შეძლეს რუსული ძალების თავდაცვითი ხაზების გარღვევა და წინ მიიწევენ... ისინი პროგრესს აღწევენ. ალბათ არა იმდენს, რამდენსაც ვიმედოვნებდით, მაგრამ თანდათან წინ მიიწევენ. დღეში რამდენიმე ასეული მეტრით".  - თქვა სტოლტენბერგმა.

NATO-ს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ბრძოლის ველზე ამ რაოდენობით ნაღმი ისტორიას თითქმის არ ახსოვს, რაც მნიშვნელოვნად ანელებს კონტრშეტევას და უკრაინელების მიღწევებს დამატებით ღირებულებას ანიჭებს.

მანვე დასძინა, რომ კონტრშეტევაში უკრაინის წარმატება დასავლელი პარტნიორების დახმარების მნიშვნელობას უსვამს ხაზს და ამ დახმარების გაგრძელების აუცილებლობაზეც ისაუბრა.

"ჩვენ მათ მხარს ვუჭერთ როდესაც იმარჯვებენ და თუ დამარცხდებიან, ჩვენ იქაც უკრაინასთან ერთად ვიქნებით". - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

გარდა ამისა, NATO-ს გენერალური მდივნის თქმით, უკრაინაში შეჭრის დროს რუსეთის ჯარი სიძლიერით მსოფლიოში მეორედ ითვლებოდა, ახლა "რუსეთის არმია სიძლიერით მეორე უკრაინაშია".


უკრაინის საზაფხულო კონტრშეტევა, რომელსაც მთელი მსოფლიო თვეების განმავლობაში ელოდა უკვე კვირებია ნელი ტემპითა და მნიშვნელოვანი წინსვლის გარეშე პროგრესირებს. თუმცა, ახლა სამხრეთის ფრონტზე რუსების თავდაცვის ხაზზე არსებულ პრობლემებზე თავად რუსული სამხედრო Telegram-არხებიც იუწყებიან.

როგორც 25 აგვისტოს CNN-ი წერდა, სამხრეთის ფრონტის ნაწილზე, ზაპოროჟიეს ოლქში უკრაინელი სამხედროები რუსების თავდაცვით ხაზს სულ უფრო ფართოდ არღვევენ და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქის, ტოკმაკის მიმართულებით მიიწევენ.

ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) მიხედვით, კონტრშეტევის შედეგად უკრაინელი სამხედროები ბახმუტისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით დაწინაურდნენ.

4 სექტემბერს, ზელენსკის ფრონტზე ყოფნის პარალელურად უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმაც თქვა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გასული კვირის განმავლობაში ბახმუტის ფრონტზე 3 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორია გაათავისუფლეს. მანვე დასძინა, რომ ზაპოროჟიეს ფრონტზე, ნოვოდანილივკასა და ნოვოპროკოპივკას მიმართულებებით წარმატებები აქვთ.

5 სექტემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმაც დაადასტურა, რომ ომში ამჟამად მთავარი აქცენტი უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ზაპოროჟიეს რეგიონზეა.

კომენტარები