რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"მათხოვრებივით ვართ" – Reuters-ი რუსი ჯარისკაცების სატელეფონო ჩანაწერებს ავრცელებს

Getty Images

სააგენტო Reuters-ი უკრაინაში მებრძოლი რუსი ჯარისკაცების 17 სატელეფონო ჩანაწერიდან ნაწყვეტებს აქვეყნებს. მასალაში, რომელიც უკრაინის დაზვერვის სამსახურებმა ფარული მიყურადების გზით მოიპოვეს, რუსი ჯარისკაცები ცუდ აღჭურვილობასა და მძიმე დანაკარგებზე საუბრობენ.

უკრაინელების საზაფხულო კონტრშეტევის მიმდინარეობის მეორე თვეს, 12 ივლისს რუსი სამხედრო ანდრეი თავის ცოლს, ტატიანას ურეკავს:

ანდრეი: - ლიტერატურას თუ წაიკითხავ, 1942 წელია, გესმის? მათხოვრებივით ვართ. როგორც 1941 წელს იყო - ერთი თოფი ხუთი ჯარისკაცისთვის. არაფერი შეცვლილა. მართლა, არაფერი შეცვლილა.

ტატიანა: - საშინელებაა!

ანდრეი: - არ არის შეიარაღება, არაფერი. მაგრამ გვეუბნებიან რომ წავიდეთ და ვიბრძოლოთ! რით? ხიშტებად თითები გამოვიყენოთ? აი ასე.

მაქსიმი, რუსი ჯარისკაცი ირკუტსკის რეგიონიდან თავის ცოლთან, ანასთან 3 ივლისს გამართული სატელეფონო საუბრისას ჰყვება, რომ მისმა ბატალიონმა ლიმანის ფრონტზე მძიმე დანაკარგები განიცადა:

მაქსიმი: - ასეა, მეორე ბატალიონისგან აღარაფერი დარჩა. ნამსხვრევებად აქციეს.

ანა: - მეორე ბატალიონი? მართლა? სად იდგა?

მაქსიმი: - ლიმანის მიმართულებით.

ანა: - აი, ახალ ამბებს ვუყურებდი, ფრონტის ხაზს აჩვენებდნენ. საშინელებაა.

მაქსიმი: - თავისი (ტვირთი) 300-ების გამოყვანაც ვერ შეძლეს. 300-ები 200-ებად იქცნენ.

...

ანა: - (ტვირთი) 200-ებიდან 400 კაცი აქ მოყავთ.

მაქსიმი: - ჯერ სად ხარ.

ანა: - ირკუტსკელი ბიჭები.

მაქსიმი: - გეუბნები, ჯერ სად ხარ.

ავღანეთის ომის მიმდინარეობისას, ტვირთი 300 რუსულ ჯარში დაჭრილი სამხედროების, ტვირთი 200 კი მკვდარი ჯარისკაცების აღმნიშვნელ კოდურ სიტყვად იქცა.

ალექსეი, სექტემბრის მობილიზაციის დროს ფრონტზე გაგზავნილი სამხედრო 12 ივლისს დედამისს, ელენას უყვება, რომ ჯარისკაცებს ბრძოლაში არასათანადო აღჭურვილობით უშვებენ:

ელენა: - ბევრი დაგეღუპათ?

ალექსეი: - უამრავი, დაგლეჯილები არიან. იქ წვანან: ზოგიერთი ვერც წამოიყვანეს. უკვე დალპნენ - ჭიები ჭამენ.

ელენა: - მართლა?

ალექსეი: - წარმოიდგინე, ფრონტზე გაყარეს ტექნიკის გარეშე, ყველაფრის გარეშე. ცოლებმა და დედებმაც კი ჩაწერეს პუტინისთვის და შოიგუსთვის ვიდეომიმართვა. ეკითხებოდნენ, რა ჯანდაბა ხდება? არტილერიის წინააღმდეგ ავტომატებით გააგზავნეს.

...

ჩვენი არმიის მეთაური ნამდვილი ნაბიჭვარია. მძიმე დანაკარგებზე ცნობებს იღებს და ვინც ცნობებს აწვდის, ხსნიან (თანამდებობიდან), რომ ინფორმაციამ პუტინამდე არ (მიაღწიოს). ყველაფერი იმალება.

ელენა: - რა თქმა უნდა.

ალექსეი: - ყველაფერი იმალება. პუტინამდე ინფორმაციას არ უშვებენ. ყველა შეშინებულია. ვინც მოხსენებას ცდილობს, მაშინვე ხსნიან (თანამდებობიდან) და ფრონტზე გზავნიან. მობიკებსაც (მობილიზებულ სამხედროებს) აგზავნიან ფრონტზე, იმის მიუხედავად, რომ პუტინმა თქვა, რომ მათ არავინ გააგზავნიდა. გენერლებს ჰკიდიათ. თავიანთი ვარსკვლავებისთვის მუშაობენ. ჰკიდიათ ხალხი: "ყველანი დაიხოცეთ".

მეოთხე ჩანაწერში, რომელიც 5 ივლისით თარიღდება, რუსი ჯარისკაცი, ანდრეი თავის ცოლს უყვება, რომ ბრძოლის ველიდან დაჭრილების და მკვდრების გამოყვანას ვერ ახერხებენ:

ანდრეი: - გუშინ მთელი მეცხრე ასეული განადგურდა - 72 ადამიანი. 17 ბიჭი დარჩა. მაგრამ ახალ ამბებში, დღეს ვუსმინე, ამბობენ, რომ ყველაფერი შესანიშნავადაა. მაგრამ ბიჭებს ისევ ხოცავენ. 62 კაცის ბრძოლის ველიდან აყვანაც არ შეუძლიათ, შესაძლებლობას არ გვაძლევენ.

უკრაინის დაზვერვის სამსახურის მიერ Reuters-ისთვის გადაცემული ჩანაწერების შესახებ სააგენტომ კომენტარი რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან ითხოვა, თუმცა უწყებისგან პასუხი არ მიუღიათ.


18 აგვისტოს The New York Times-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერდა, რომ 18 თვის წინ რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კონფლიქტის დროს დაღუპული და დაჭრილი რუსი და უკრაინელი ჯარისკაცების რიცხვი 500 ათასს უახლოვდება.

გამოცემისთვის ამ ინფორმაციის მიწოდებისას მაღალჩინოსნებმა აღნიშნეს, რომ დათვლები ზუსტი არ არის, რადგან მოსკოვი საკუთარ დანაკარგებს მუდმივად რეალურზე მცირედ წარმოადგენს, კიევი კი ოფიციალურ რიცხვებს საერთოდ არ ასაჯაროებს.

უკრაინის საზაფხულო კონტრშეტევა, რომელსაც მთელი მსოფლიო თვეების განმავლობაში ელოდა უკვე კვირებია ნელი ტემპითა და მნიშვნელოვანი წინსვლის გარეშე პროგრესირებს. თუმცა, ახლა სამხრეთის ფრონტზე რუსების თავდაცვის ხაზზე არსებულ პრობლემებზე თავად რუსული სამხედრო Telegram-არხებიც იუწყებიან.

როგორც 25 აგვისტოს CNN-ი წერდა, სამხრეთის ფრონტის ნაწილზე, ზაპოროჟიეს ოლქში უკრაინელი სამხედროები რუსების თავდაცვით ხაზს სულ უფრო ფართოდ არღვევენ და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქის, ტოკმაკის მიმართულებით მიიწევენ.

ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) უკანასკნელი ანგარიშის მიხედვით, კონტრშეტევის შედეგად უკრაინელი სამხედროები ბახმუტისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით დაწინაურდნენ.

4 სექტემბერს, ზელენსკის ფრონტზე ყოფნის პარალელურად უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმაც თქვა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გასული კვირის განმავლობაში ბახმუტის ფრონტზე 3 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორია გაათავისუფლეს. მანვე დასძინა, რომ ზაპოროჟიეს ფრონტზე, ნოვოდანილივკასა და ნოვოპროკოპივკას მიმართულებებით წარმატებები აქვთ.

კომენტარები