ჩინეთი

პეკინის ყველაზე მაღალ შენობას პატარა თვითმფრინავი შეეჯახა

კადრი პატარა თვითმფრინავის პეკინის ყველაზე მაღალ შენობასთნ შეჯახების ვიდეოდან
CNN

26 ივნისს, დღის მეორე ნახევარში, პატარა თვითმფრინავი პეკინში მდებარე CITIC Tower-ს, ქალაქის ყველაზე მაღალ, 109-სართულიან ცათამბჯენს შეეჯახა. ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა პილოტი, ხოლო 13 ადამიანი დაშავდა.

CNN წერს, რომ შენობიდან ჩამოცვენილმა ცათამბჯენისა და თვითმფრინავის ნამსხვრევებმა ოფისებიდან გამოსულ თანამშრომლებში პანიკა გამოიწვია, თუმცა მალევე ჩინურ სოციალურ ქსელებში ავიაკატასტროფასთან დაკავშირებული ყველა პოსტი და ვიდეო წაიშალა.

თავდაპირველად ხელისუფლებას ინციდენტი ოფიციალურად არ დაუდასტურებია, ხოლო სახელმწიფო მედიას ამის შესახებ არაფერი გაუშუქებია, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის CCTV-ის სათაო ოფისი ქუჩის გადაღმა მდებარეობს. CNN აღნიშნავს, რომ ეს ასახავს ჩინეთის მკაცრ კონტროლს ინფორმაციის გავრცელებაზე, განსაკუთრებით ისეთ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებმაც შესაძლოა ქვეყნის შიგნით უარყოფითი ყურადღება მიიპყროს.

ინფორმაციის ნაკლებობის გამო მრავალი კითხვა უპასუხოდ დარჩა. თითქმის ერთი დღის განმავლობაში უცნობი იყო დაშავებულთა რაოდენობაც.

27 ივნისს, დღის მეორე ნახევარში, ხელისუფლებასთან დაკავშირებულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ერთძრავიანი, ორადგილიანი მსუბუქი სპორტული თვითმფრინავი ფრენის დროს შენობას შეეჯახა. ბორტზე მყოფი ერთადერთი ადამიანი - პილოტი - დაიღუპა, ხოლო 13 ადამიანი დაშავდა. ინციდენტზე გამოძიება მიმდინარეობს.

CNN აღნიშავს, რომ ამ შემთხვევამ ასევე გააჩინა კითხვები იმის შესახებ, თუ როგორ შეძლო პილოტმა ჩინეთის მკაცრად კონტროლირებადი დედაქალაქის საჰაერო სივრცეში ფრენა, სადაც დრონების გამოყენებაც კი პრაქტიკულად აკრძალულია.

კომენტარები