პარტია დროას თავმჯდომარის, ელენე ხოშტარიას მკურნალი ექიმი, რევმატოლოგი მაკა იოსელიანი და კოალიცია ცვლილებისთვის წევრი, ანი ქავთარაძე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის დირექტორს გიორგი პატარიძეს შეხვდნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ანი ქავთარაძემ განაცხადა, რომ ორშაბათს, 29 ივნისს, მაკა იოსელიანი საპატიმროში მოინახულებს ელენე ხოშტარიას, რის შემდეგაც პენიტენციურ სამსახურში კიდევ ერთი, გაფართოებული შეხვედრა გაიმართება.
"შეხვედრაზე იყო ძალიან დეტალური განხილვა პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელთან, ძალიან დეტალური, მრავლისმომცველი, სადაც ჩვენ მას წარვიდგინეთ არაერთი არგუმენტი და ჩვენთვის ობიექტური მოცემულობა, მათ შორის, ელენეს წარსული ისტორია, ანამნეზი, 2024 წლის მისი თურქეთში ჰოსპიტალიზაციის პერიოდი, გავიარეთ ეს თითოეული დეტალი და საბოლოოდ შევთანხმდით იმაზე, რომ ორშაბათს დილით, ქალბატონი მაკა კვლავ მოინახულებს ელენეს ციხეში და შემდგომ, 14:00 საათზე, აქვე [პენიტენციურ სამსახურში] შედგება უფრო გაფართოებული შეხვედრა, მათი მხრიდან წარმომადგენლები იქნებიან, სადაც ჩვენ მოვიტანთ დოკუმენტაციას აუცილებლად. მე იმედი მაქვს, რომ ამ შეხვედრაზე ჩამოყალიბდება აზრი, ამ შენობაში, მის ადეკვატურ მკურნალობასთან დაკავშირებით". - განაცხადა ქავთარაძემ.
კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას ადვოკატის მიერ 17 ივნისს გაკეთებული განცხადების თანახმად, ციხეში ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
შოთა თუთბერიძის განცხადებით, კონსულტაცია გაიარეს თურქეთში ხოშტარიას მკურნალ ექიმებთან, რომელთა შეფასებითაც, "სათანადო მკურნალობის გარეშე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, შესაძლოა, ელენეს ჯანმრთელობას მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი. მაგალითად, ვეღარ შეძლოს ეტლის გარეშე გადაადგილება".
ადვოკატის განცხადებას პენიტენციურმა სამსახურმა უპასუხა და დაწერა, რომ თუთბერიძის განცხადება დეზინფორმაციაა და ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა "რაიმე სახით ან ფორმით" არ გაუარესებულა.
უწყება წერს, რომ ხოშტარია ყველა სამედიცინო სერვისით სარგებლობს.
თავის მხრივ, პენიტენციური სამსახურის განცხადებას ელენე ხოშტარიას პარტია დროამ უპასუხა.
პარტიის განცხადებით, ხოშტარიასთან კომუნიკაცია დაწესებულების ექიმმა და დირექტორმა ადვოკატის პრესკონფერენციის შემდეგ დაამყარეს. პარტია დროა პენიტენციურ სამსახურს ტყუილში ადანაშაულებს.
25 ივნისს ექიმმა მაკა იოსელიანმა პენიტენციურ დაწესებულებაში პარტია დროას ლოდერი, ელენე ხოშტარია მოინახულა. მისი თქმით, ხოშტარიას გასინჯვა ბოლომდე ვერ მოხერხდა ძლიერი ტკივილების გამო, პაციენტს გაუჭირდა სამედიცინო მაგიდაზე დაწოლაც კი.
ექიმის ინფორმაციით, 2024 წლის დიაგნოზი არის რადიკალურად შეცვლილი, დამატებულია წვრილი სახსრები, ხერხემლის, კერძოდ მისი მნიშვნელოვანი ნაწილის გავა-თეძო სახსრის ანთება
შეგახსენებთ, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის "დაზიანებისთვის" პარტია დროას ლიდერს ელენე ხოშტარიას 1 წლით და 6 თვით პატიმრობა 24 მარტს მიუსაჯეს. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოიტანა.
ხოშტარია 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს. მას 5 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა, რომლის გადახდაზეც უარი განაცხადა.




