რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ფრონტის ხაზზე ზელენსკის ვიზიტის პარალელურად, უკრაინა წინსვლის შესახებ ცნობებს ავრცელებს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის რეგიონში ფრონტის ხაზთან, 2023 წლის 4 სექტემბერი.
Ukrainian Presidential Press Service/Handout via REUTERS

უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე 4 სექტემბერს გამოქვეყნებული ვიდეოების თანახმად, ზელენსკიმ ფრონტის ხაზთან დონეცკისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში სამხედროები მოინახულა.

გავრცელებულ ჩანაწერებში ჩანს, რომ სხვადასხვა ლოკაციაზე მყოფმა ზელენსკიმ ჯარისკაცები მედლებით დააჯილდოვა. უკრაინის პრეზიდენტმა სამხრეთის ფრონტზე მდებარე სამედიცინო პუნქტებში მომუშავე მედპერსონალიც მოინახულა და მათ მადლობა გადაუხადა.

ტრადიციული ყოველდღიური ვიდეომიმართვა, რომელშიც სამხედროების მხრიდან მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ილაპარაკა, ზელენსკიმ მატარებლიდან ჩაწერა.

"ყველაფერი, რაზეც ჩვენმა მებრძოლებმა ისაუბრეს, სარდლობის შეხვედრების მონაწილეებს გადაეცემათ. განსაკუთრებით ელექტრონულ ომთან დაკავშირებით. ბიჭებო, ჩვენ გარკვევით გავიგეთ თქვენი". - თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკის ფრონტზე ყოფნის პარალელურად თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა თქვა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გასული კვირის განმავლობაში ბახმუტის ფრონტზე 3 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორია გაათავისუფლეს. მანვე დასძინა, რომ ზაპოროჟიეს ფრონტზე, ნოვოდანილივკასა და ნოვოპროკოპივკას მიმართულებებით წარმატებები აქვთ.

მალიარის მტკიცებით, კონტრშეტევის დაწყების შემდეგ, ბახმუტის მიმართულებით უკრაინელმა სამხედროებმა 47 კვადრატული კილომეტრი მიწა დაიბრუნეს.

კომენტარები