აშშ-ფილიპინები

Reuters: აშშ ფილიპინებზე, ტაივანთან ახლოს პორტის გასავითარებლად მოლაპარაკებებს აწარმოებს

ამერიკული ხომალდი USS Blue Ridge-ი მანილას ყურეში, ფილიპინებში. 2019 წლის 13 მარტი.
Bullit Marquez/AP

Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს შეიარაღებული ძალები ფილიპინების უკიდურეს ჩრდილოეთში მდებარე ბატანესის კუნძულებზე სამოქალაქო პორტის გასავითარებლად მანილასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

პორტისთვის შემოთავაზებული ადგილი ტაივანიდან 200-ზე ნაკლებ კილომეტრში მდებარეობს, შესაბამისად პროექტში ამერიკული სამხედრო ძალების ჩართვა, ჩინეთთან არსებული დაძაბულობისა და პეკინიდან მომდინარე საფრთხის ფონზე, ვაშინგტონის მხრიდან სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.

ბატანეს კუნძულებსა და ტაივანს შორის მდებარე ბაშის სრუტე
Reuters reporting

აღსანიშნავია, რომ ბატანესის კუნძულებსა და ტაივანს შორის არსებულ ბაშის სრუტეს დასავლეთ წყნარი ოკეანიდან სამხრეთ ჩინეთის ზღვისკენ მცურავი ხომალდებისთვის საკვანძო მნიშვნელობა აქვს და ჩინეთის მიერ ტაივანში შეჭრის შემთხვევაში, უდიდეს სტრატეგიულ მნიშვნელობასაც შეიძენს, რამდენადაც, შესაძლოა, ეს სრუტე ე.წ. მოგუდვის წერტილად იქცეს.

მანილაში აშშ-ს საელჩოს წარმომადგენელმა თქვა, რომ საელჩო და აშშ-ს არმია ადგილობრივ მთავრობასთან სამხედროების ჩართულობით ინჟინერიის, მედიცინისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე მსჯელობენ, თუმცა პორტთან დაკავშირებით არ უსაუბრია. კომენტარი არ გაუკეთებია ჩინეთის საელჩოს ფილიპინებში.


მაისის დასაწყისში ბაიდენმა ფილიპინების პრეზიდენტს, ფერდინანდ მარკოს უმცროსს თეთრ სახლში მოლაპარაკებებზე უმასპინძლა.

მარკოსის ვიზიტი ვაშინგტონში მას შემდეგ დაიწყო, რაც შეერთებულმა შტატებმა და ფილიპინებმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ერთობლივი წვრთნები დაასრულეს.

წელს ფილიპინებმა კუნძულებზე არსებულ ოთხ სამხედრო ბაზაზე მისცა წვდომა შეერთებულ შტატებს, რომელიც სამხრეთ ჩინეთის ზღვაში და ტაივანის მიმართ ჩინეთის მზარდად აგრესიული ქმედებების შეკავებას ცდილობს. ჩინეთი ხშირად ავიწროებს ფილიპინების საზღვაო ფლოტსა და სანაპირო დაცვის პატრულს და დევნის მეთევზეებს ფილიპინების იმ სანაპიროებიდან, რომელთაც თავისად განიხილავს.

აშშ-სა და ფილიპინებს შორის ურთიერთთავდაცვის შეთანხმება 1951 წელს გაფორმდა და მხარეებს ავალდებულებს წყნარი ოკეანის მასშტაბით ხელმომწერმა მხარეებმა ერთმანეთის იურისდიქციის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე, შეიარაღებულ ძალებზე, გემებსა და თვითმფრინავებზე თავდასხმის შემთხვევაში ერთად იმოქმედონ.

კომენტარები