აშშ-ფილიპინები

თეთრ სახლში აშშ-სა და ფილიპინების პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართება

Reuters

დღეს აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ფილიპინების პრეზიდენტ ფერდინანდ მარკოს უმცროსს თეთრ სახლში მოლაპარაკებებზე უმასპინძლებს. შეხვედრა ჩინეთის საზღვაო ძალების მიერ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ფილიპინელთა ხომალდების შევიწროებაზე შეშფოთების ზრდის ფონზე გაიმართება.

"გადაწყვეტილი გვაქვს აშშ-სთან  ურთიერთობის კიდევ უფრო გამყარება სფეროთა ფართო სპექტრში, რომლებიც არა მხოლოდ ჩვენი დროის საჭიროებებს ეხება, არამედ გადამწყვეტია ჩვენი ძირითადი ინტერესების განვითარებისთვის". - თქვა მარკოსმა კვირას, ვაშინგტონში გამგზავრებამდე.

მარკოსის ვიზიტი ვაშინგტონში იწყება მას შემდეგ, რაც გასულ კვირას შეერთებულმა შტატებმა და ფილიპინებმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური წვრთნები დაასრულეს. ასევე, 1990 წლის შემდეგ პირველად, ორშაბათს, ფილიპინებში ორი ქვეყნის საჰაერო ძალები მოიერიშე თვითმფრინავების ერთობლივ წვრთნას გამართავენ. 

წელს ფილიპინებმა კუნძულებზე არსებულ კიდევ ოთხ სამხედრო ბაზაზე მისცა წვდომა შეერთებულ შტატებს, რომელიც ცდილობს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში და ტაივანის მიმართ ჩინეთის მზარდად აგრესიული ქმედებების შეკავებას.

ამავდროულად, ჩინეთი ხშირად ავიწროებს ფილიპინების საზღვაო ფლოტსა და სანაპირო დაცვის პატრულს, დევნის მეთევზეებს ფილიპინების იმ სანაპიროებიდან, რომელთაც თავისად განიხილავს.

ოვალურ კაბინეტში დღეს დაგეგმილი შეხვედრა ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის საფრთხის შესაკავებლად ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ წყნარი ოკეანის ქვეყნებთან წარმოებული მაღალი დონის დიპლომატიური შეხვედრების ნაწილია. ამერიკის პრეზიდენტმა გასულ კვირას სამხრეთ კორეის პრეზიდენტ იუნ სუკ იოლს უმასპინძლა.


აშშ-სა და ფილიპინებს შორის ურთიერთთავდაცვის შეთანხმება 1951 წელს გაფორმდა და მხარეებს ავალდებულებს წყნარი ოკეანის მასშტაბით ხელმომწერმა მხარეებმა ერთმანეთის იურისდიქციის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე, შეიარაღებულ ძალებზე, გემებსა და თვითმფრინავებზე თავდასხმის შემთხვევაში ერთად იმოქმედონ.

კომენტარები