მწერალთა სახლი

მწერალთა სახლი დუმბაძის დანიშვნაზე: საფრთხეს უქმნის პროექტების უცენზურო მართვას

მწერალთა სახლმა Facebook-ზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ მწერალთა სახლის ხელმძღვანელად ქეთევან დუმბაძის დანიშვნა საფრთხეს უქმნის პროექტების თავისუფალ და უცენზურო მართვას. განცხადებაში ნათქვამია, რომ მწერალთა სახლი უერთდება 100-ზე მეტი მწერლის, მნარგმნელისა და გამომცელის მოთხოვნას და მიიჩნევს, რომ ორგანიზაციის ახალი დირექტორი დარგის პროფესიონალებისგან შემდგარმა კომისიამ უნდა აირჩიოს.

"მწერალთა სახლის, როგორც კულტურულ-საზოგადოებრივი ინსტიტუციის ისტორია უკვე ათ წელზე მეტს ითვლის. ამ პერიოდში ეტაპობრივად გაიზარდა ჩვენი გუნდის შემადგენლობა, გაფართოვდა სამუშაო პროფილი, წარმატებით განხორციელდა არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო კულტურული და საგანმანათლებლო პროექტი. საპრეზენტაციო სივრცესთან ერთად, მაჩაბლის 13 ნომერში ბინა დაიდო მწერალთა რეზიდენციამ, დავით სარაჯიშვილისა და რეპრესირებული მწერლების მუზეუმებმა. ორგანიზაციის ზრდისა და განვითარების ყოველ ეტაპზე მწერალთა სახლის სათავეში იყო ნატა ლომოური, ვინც ეს სახლი უფუნქციო შენობიდან ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე და ღია კულტურულ ინსტიტუციად აქცია. ყველა პროექტი და წარმატება პირდაპირ არის მისი და მის მიერ ჩამოყალიბებული გუნდის ინიციატივებისა და დაუღალავი შრომის შედეგი.

ჩვენთვის სამწუხაროდ და ჩვენი სურვილის საწინააღმდეგოდ, ნატა ლომოური დღეს აღარ იკავებს მწერალთა სახლის დირექტორის თანამდებობას. არადა, სწორედ მისი ხელმძღვანელობისას, ორგანიზაციის საქმიანობა იყო მუდმივად მზარდი და განვითარებაზე ორიენტირებული. ამას მოწმობს ჩვენი ბენეფიციარების - მწერლების, მთარგმნელებისა და გამომცემლების უდიდესი მხარდაჭერაც. ჩვენი საქმიანობის ათი წლის თავზე სასწორზე დევს მწერალთა სახლის არაერთი ეროვნული და საერთაშორისო პროექტი. მიგვაჩნია, რომ პირდაპირი დანიშვნის წესით ახალი დირექტორის მოსვლა ორგანიზაციაში, საფრთხეს უქმნის ამ პროექტების თავისუფალ და უცენზურო მართვას. ჩვენ ვმუშაობთ მწერლებთან და მწერლებისთვის, ამიტომ ვუერთდებით 100-ზე მეტი მწერლის, მთარგმნელისა და გამომცემლის მოთხოვნას და მივიჩნევთ, რომ ორგანიზაციის ახალი დირექტორი უნდა აირჩიოს დარგის პროფესიონალებისგან შემდგარმა კომისიამ". - წერია განცხადებაში. 

საქართველოს მწერალთა სახლს 2023 წლის 4 სექტემბრიდან ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ბრძანება უკვე გამოსცა.

"2023 წლის საშემოდგომო სესიაზე მწერალთა სახლის ახალ ხელმძღვანელს, კანონით დადგენილი წესით, შეუწყდება საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ქეთევან დუმბაძეს ულოცავს მწერალთა სახლის დირექტორად დანიშვნას და უსურვებს წარმატებებს" - აცხადებს კულტურის სამინისტრო.

კომენტარები