მწერალთა სახლი

დუმბაძე დირექტორად დანიშვნაზე: რატომ მოჰყვა პროტესტი, ბევრი რამის გაკეთება შემიძლია

ქართული ოცნების დეპუტატის ქეთევან დუმბაძის თქმით, გაუგებარია მისი მწერალთა სახლის ხელმძღვანელად დაიშვნას პროტესტი რატომ მოჰყვა. 

როგორც მან მთავარი არხის ჟურნალისტთან სატელეფონო საუბარში აღნიშნა, პირადად იცნობს მწერლების უმეტესობას და დაპირისპირება მათთან არ ჰქონია. ამასთან დუმბაძე აღნიშნავს, ამ სფეროში ბევრი კარგი რამის გაკეთება შეუძლია. ვინმე თვლის, რომ რაიმე შეიცვლება მწერალთა სახლში უარესობისკენ?".- ამბობს დუმბაძე.

"რატომ მოჰყვა პროტესტი? პროტესტის გარდა სხვა არაფერი მოჰყოლია?! [თქვენ რა გაიგეთ? ოვაციები მოჰყვა?] ესეც არის და ისიც, ორივეა. [...] მწერლების უმეტესობას მე ვიცნობ პირადადაც და არასდროს დაპირისპირება მათთან არ მქონია, პირიქით. მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება, ვემსახურებოდი ამ სფეროს და ვიფიქრე, რომ ძალიან ბევრი რამის გაკეთება შემიძლია. ვინმე თვლის, რომ რაიმე შეიცვლება მწერალთა სახლში უარესობისკენ?".- თქვა ქეთევან დუმბაძემ. 

საქართველოს მწერალთა სახლს 2023 წლის 4 სექტემბრიდან ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ბრძანება უკვე გამოსცა. აღნიშნულს მწერლების მხრიდან პროტესტი  მოჰყვა. 

ქეთევან დუმბაძე ამჟამად საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრია.

მწერალთა სახლს ამ დრომდე ნატაშა ლომოური ხელმძღვანელობდა. მან 1 კვირის წინ დაწერა, რომ კულტურის სამინისტროდან დაურეკეს და უთხრეს, რომ ვადა ეწურებოდა.

"მაქვს შეგრძნება, რომ მიწევს, დავტოვო მშობლიური სახლი, სადაც, ჩემს გუნდთან ერთად, 12 წლის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გავაკეთე. განსაკუთრებით ვიამაყებ დავით სარაჯიშვილის და რეპრესირებული მწერლების მუზეუმებით, რომლებმაც მწერალთა სახლი მნიშვნელოვან საგანმანათლებლო კერად აქცია; თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალით, რომელმაც უამრავი, საქართველოზე და ქართულ ლიტერატურაზე შეყვარებული ადამიანი შეგვძინა სხვადასხვა ქვეყანაში; მიყვარს და ვგულშემატკივრობ ყველა იმ პროექტს - ლიტერატურულ პრემიას, მწერალთა რეზიდენციას, მთარგმნელობით პროგრამებს, საქართველოს ეროვნულ სტენდებს საერთაშორისო წიგნის ბაზრობებზე, მთარგმნელობით სემინარებსა და უამრავ საგანმანათლებლო ლექციას - რომლებსაც დიდი სიყვარულით და ერთგულებით ვაკეთებდი.

ვინც თვალს გვადევნებდით და გვგულშემატკივრობდით, ალბათ ისიც გახსოვთ, რომ ეს ყველაფერი კეთდებოდა მუდმივი დაძაბულობის ფონზე - არ მახსენდება პერიოდი, როდესაც წყნარად, შევიწროვებისა და ფინანსური პრობლემების გარეშე გვეკეთებინა ჩვენი საქმე!

უკვე მივმართე კულტურის მინისტრს წერილით, სადაც ვაცნობე, რომ დაინტერესებული ვარ ვადის გაგრძელებით" - წერდა ლომოური 3 აგვისტოს.

კომენტარები