მწერალთა სახლი

საქართველოს მწერალთა სახლს ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებს

საქართველოს მწერალთა სახლს 2023 წლის 4 სექტემბრიდან ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ბრძანება უკვე გამოსცა.

"2023 წლის საშემოდგომო სესიაზე მწერალთა სახლის ახალ ხელმძღვანელს, კანონით დადგენილი წესით, შეუწყდება საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ქეთევან დუმბაძეს ულოცავს მწერალთა სახლის დირექტორად დანიშვნას და უსურვებს წარმატებებს" - აცხადებს კულტურის სამინისტრო.

ქეთევან დუმბაძე ამჟამად საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრია.

მწერალთა სახლს ამ დრომდე ნატაშა ლომოური ხელმძღვანელობდა. მან 1 კვირის წინ დაწერა, რომ კულტურის სამინისტროდან დაურეკეს და უთხრეს, რომ ვადა ეწურებოდა.

"მაქვს შეგრძნება, რომ მიწევს, დავტოვო მშობლიური სახლი, სადაც, ჩემს გუნდთან ერთად, 12 წლის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გავაკეთე. განსაკუთრებით ვიამაყებ დავით სარაჯიშვილის და რეპრესირებული მწერლების მუზეუმებით, რომლებმაც მწერალთა სახლი მნიშვნელოვან საგანმანათლებლო კერად აქცია; თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალით, რომელმაც უამრავი, საქართველოზე და ქართულ ლიტერატურაზე შეყვარებული ადამიანი შეგვძინა სხვადასხვა ქვეყანაში; მიყვარს და ვგულშემატკივრობ ყველა იმ პროექტს - ლიტერატურულ პრემიას, მწერალთა რეზიდენციას, მთარგმნელობით პროგრამებს, საქართველოს ეროვნულ სტენდებს საერთაშორისო წიგნის ბაზრობებზე, მთარგმნელობით სემინარებსა და უამრავ საგანმანათლებლო ლექციას - რომლებსაც დიდი სიყვარულით და ერთგულებით ვაკეთებდი.

ვინც თვალს გვადევნებდით და გვგულშემატკივრობდით, ალბათ ისიც გახსოვთ, რომ ეს ყველაფერი კეთდებოდა მუდმივი დაძაბულობის ფონზე - არ მახსენდება პერიოდი, როდესაც წყნარად, შევიწროვებისა და ფინანსური პრობლემების გარეშე გვეკეთებინა ჩვენი საქმე!

უკვე მივმართე კულტურის მინისტრს წერილით, სადაც ვაცნობე, რომ დაინტერესებული ვარ ვადის გაგრძელებით" - წერდა ლომოური 3 აგვისტოს.

კომენტარები