სტიქია რაჭაში

"კალაპოტი მკვეთრად გაგანიერებულია" – 27 ივლისსა და 4 აგვისტოს გადაღებული სატელიტური ფოტოები

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი შოვში მომხდარ სტიქიამდე გადაღებულ სატელიტურ სურათებს აქვეყნებს. უფასო სურათები Landsat-ის მიერ 27 ივლისსა და 4 აგვისტოს არის გადაღებული - ისეთ დროს, როდესაც ღრუბელია და გარჩევადობა დაბალი. მიუხედავად ამისა, განცხადების მიხედვით, სავარაუდოა, რომ ამ შუალედში, შოვიდან 7 კილომეტრში მდინარე ბუბაზე კალაპოტი მკვეთრად გაგანიერებულია.

"ანუ, მეწყრულ-ღვარცოფული პროცესი დაწყებულია, რამაც შესაძლოა გამოიწვია მდინარის გადაკეტვა (ადგილობრივებმა თქვეს, ქვემოთ მდინარე აღარ მოდიოდაო). ეს არის მონიტორინგი და წინასწარი შეტყობინების სისტემის ნაწილი.

ვთხოვთ, ყველა ჩვენ პარტნიორ ამერიკულ და ევროპულ უნივერისტეტს, მოგვცენ მაღალი გარჩევადობის, კარგი ხილვადობის ან ფასიანი ამ პერიოდის კოსმოსური/აერო გამოსახულებები, რომელიც საშუალებას მოგვცემს უკეთესად დავინახოთ, შევაფასოთ მიმდინარე გეოდინამიკური და გეომორფოლოგიური პროცესები და დაფიქსირებული პრობლემატიკის შემთხვევაში ვაწარმოოთ მონიტორინგი. გთხოვთ, დაგვეხმარეთ!" - წერია განცხადებაში. 

როგორც საკუთარ Facebook-გვერდზე ინსტიტუტის ხელმძღვანელი, თეა გოდოლაძე განმარტავს, Landsat-ის უფასო სურათები გვიან ქვეყნდება. 

ამ დროისთვის, რაჭაში, სტიქიის ზონაში 11 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი, 30-მდე პირს კი ეძებენ.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის თქმით, ამ დროისთვის გამოყვანილია ყველა ადამიანი, რომელიც უსაფრთხო ადგილას მაშველებთან ერთად იმყოფებოდა. 

სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებარედ მეწყერის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს, დაახლოებით, 16:00 საათზე ჩამოიშალა

 

კომენტარები