სტიქია რაჭაში

"ღვარცოფული პროცესის საშიშროება შოვში" – რას წერდა გარემოს ეროვნული სააგენტო 2021-ში

სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ 2021 წელს გამოქვეყნებული საინფორმაციო გეოლოგიური ბიულეტენის მიხედვით, რაჭაში, მდინარე ჭანჭახის მარცხენა შენაკადის მდინარე დღვიორას ხეობაში ღვარცოფის საშიშროების რისკი შეფასებული იყო როგორც "მაღალი".

"ღვარცოფული პროცესები საშიშროებას უქმნის ცენტრალურ საავტომობილო გზას და კურორტ შოვის ინფრასტრუქტურულ ობიექტებს". - ვკითხულობთ დოკუმენტში.

აქვე მითითებულია, რომ ღვარცოფული ნაკადების გავლა აქ წელიწადში 2-3-ჯერ ხდება, რის გამოც მდინარე დღვიორას კალაპოტის პერიოდულ გაწმენდა-დაღრმავებასთან და ბორტების გამაგრებასთან ერთად აუცილებელია ხეობაში გეოდინამიკური პროცესების მუდმივი მონიტორინგიც.

გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2022 წლის გეოლოგიური ბიულეტენი არ გამოუქვეყნებია.

აღნიშნული ინფორმაცია თავდაპირველად საკუთარ Facebook გვერდზე არასამთავრობო ორგანიზაცია მწვანე ალტერნატივის დირექტორმა, ნინო გუჯარაიძემ გაავრცელა.

2020 წელს მოქალაქე სოციალურ ქსელში შოვიდან ავრცელებდა ფოტოებს და წერდა, რომ მდინარე ბუმბულას ადიდების გამო მთავარი გზა დაზიანდა და კურორტი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, თუმცა მაშინ ადგილობრივებმა საკუთარი სახსრებით შეძლეს სტიქიის შეკავება და ონის მუნიციპალიტეტს ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს.

სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებარედ მეწყერის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს, დაახლოებით, 16:00 საათზე ჩამოიშალა. ამ დროისთვის, რაჭაში, სტიქიის ზონაში 11 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი, 30-მდე პირს კი ეძებენ.

სამაშველო-სამძებრო სამუშაოები გრძელდება - დაკარგულ მოქალაქეებს, მაშველებთან ერთად, ეძებენ მოხალისეები, ასევე, მათი ახლობლები და ნათესავები.  

კომენტარები