აქცია ბათუმში

ზახაროვა ბათუმში აქციაზე: ქართველების უმეტესობა შეკვეთილი პროვოკაციების წინააღმდეგია

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა მხარს არ უჭერს "რუსეთის წინააღმდეგ შეკვეთილ პროვოკაციებს", რომლებსაც "რადიკალური ქართული ოპოზიცია დასავლელი სპონსორების მოთხოვნით აწყობს". 

ბათუმში რუსი ტურისტების საკრუიზო გემის ჩამოსვლასთან დაკავშირებით საქართველოში რამდენიმე დღის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე ზახაროვამ აღნიშნა, რომ ეს არის მორიგი "შეკვეთილი ქმედება", რომელიც ქვეყანაში ბევრ სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის, რუსეთის კონტექსტში ტარდება.

"ქვეყნის შიგნით ამ აქციას არანაირი მხარდაჭერა არ ჰქონია. ჩვენ ვიღებთ უამრავ მოწოდებას საქართველოს მოქალაქეებისგან, რომლებიც ამბობენ, რომ მათთვის მიუღებელია ეს უაზრო პროვოკაცია, როგორც ქვეყანას, ამ ადამინებთან არანაირი კავშირი არ აქვთ და ემიჯნებიან". - აღნიშნა ზახაროვამ.

გარდა ამისა, ზახაროვას თქმით, აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი "საქართველოს მოქალაქეებს პირდაპირ ასწავლის, როგორ იცხოვრონ".

31 ივლისს გვიან ღამით მოქალაქეები რუსეთიდან მომავალ საკრუიზო გემ ASTORIA GRANDE-ს ბათუმის პორტში საპროტესტო აქციით დახვდნენ. აქციაზე პოლიციამ ჯამში 23 ადამიანი დააკავა - მათ შორის ერთი უკრაინის მოქალაქეცაა.

ომბუდსმენის ცნობით, სახალხო დამცველის რწმუნებული შეხვდა ბათუმის პორტში საპროტესტო აქციაზე დაკავებულ სამ მოქალაქეს, რომელთაგან ერთ-ერთმა, რ.მ.-მ ისაუბრა პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე.

აქციამდე რამდენიმე საათით ადრე შინაგან საქმეთა სამინისტრომ პორტის მიმდებარე ქუჩები გადაკეტა, ნავსადგურთან კი რკინის ჯებირებით შემოსაზღვრეს ტერიტორია, სადაც საკრუიზო გემი უნდა შემოსულიყო.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საკრუიზო გემი Astoria Grande ბათუმში ჩერდება. საკრუიზო ლაინერი ბათუმის პორტში 27 ივლისს გაჩერდა. საკრუიზო ლაინერმა მოგზაურობა სოჭის პორტიდან დაიწყო და რუსი ტურისტები გადაჰყავდა, რომლებმაც მედიებთან ანტიქართული განცხადებები გააკეთეს.

ცნობილია, რომ 31 ივლისს შემოსულ საკრუიზო გემზე იმყოფებოდნენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომისა და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერი არტისტებიც. ამჯერად რუს ტურისტებს ტელეარხ RU.TV-ის ვარსკვლავებთან ერთად მოგზაურობას სთავაზობდნენ.

საკრუზიო გემის მარშრუტი არის სოჭი-ტრაპიზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბოლი-სოჭი. საკრუიზო ლაინერზე, დაახლოებით, 850 მგზავრი იმყოფება.

ხომალდი პალაუს დროშის ქვეშ დაცურავს და მომსახურებას თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ი უწევს.

კომენტარები