აქცია ბათუმში

პრემიერი აქციაზე: ენმ-ის ერთი ნაწილი აქეზებდა ხალხს და თამაშობდა მათ ემოციებზე

facebook.com/KvirikashviliOfficial

პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველო 2012 წლის არჩევნების შემდეგ ადამიანზე ორიენტირებული ქვეყანა გახდა. პრემიერი ამბობს, რომ 11-12 მარტს ბათუმში გამართული აქციის მონაწილეები და მათი წამქეზებლებიც უნდა დაისაჯონ.

"გამოძიება გრძელდება. პირველ ეტაპზე ადამიანები ადმინისტრაციული წესით იყვნენ დაკავებულნი, ახლა მიმდინარეობს უფრო ღრმა გამოძიება სისხლის სამართლის კუთხით და ყველა ადამიანი, ვინც ხელი აღმართა ქვეყანაში ყველაზე ძვირფასზე და ეს არის ქვეყნის სტაბილური განვითარება, რა თქმა უნდა, უნდა იყოს დასჯილი. როგორც აქციაში მონაწილე, ასევე მათი წამქეზებელი, ვინც არ უნდა იყოს ის, აუცილებლად უნდა დაისაჯოს", - თქვა პრემიერმა.

კვირიკაშვილი განმარტავს ხელისუფლების მოქმედებას 11-12 მარტის აქციის მიმდინარეობის დროს და აღნიშნავს, რომ პირადად იღებს პასუხისმგებლობას გადაწყვეტილებებზე.

"მინდა, ჩემს ქვეყანას და ჩემი ქვეყნის მოსახლეობას ვუთხრა, რომ საღამოდან მოყოლებული, როდესაც სიტუაცია დაიძაბა, აბსოლუტურად პულსზე გვედო ხელი, მე პირადად ვიყავი ჩართული და პირადად ვიღებ ყველაფერზე პასუხისმგებლობას, როგორ ღირსეულად გაართვა თავი სახელმწიფომ ძალიან დიდ გამოწვევას. მე ვესაუბრე აჭარის მთავრობის მეთაურს, ზურაბ პატარაძეს, რომელიც ძალიან შეწუხებული იყო ამ მოვლენებით და სტამბოლიდან მოფრინავდა. შევთანხმდით, რომ იგი მიმართავდა შს მინისტრს და ექვსი დაკავებული, რა საბაბითაც ეს ყველაფერი დაიწყო და რა შემთხვევითაც ისარგებლა შემდეგ უკვე პოლიტიკოსთა ერთმა ნაწილმა, ხალხში ემოციების ასაზვირთებლად, გათავისუფლდა. მაშინ ჩაცხრა პირველი მუხტი. ჩვენ მოთმინებით დაველოდეთ, ვიდრე მუხტი არ ჩაცხრებოდა და მხოლოდ მაშინ, როდესაც რამდენიმე ათეული ადამიანი დარჩა, რომელიც აბსოლუტურად ვანდალიზმში გადავიდა, მაშინ ჩაერთო სპეცრაზმი. ეს იყო გამიზნული, სწორი გადაწყვეტილება. ამ დროს აჩვენა საქართველოს მთავრობამ თავისი აბსოლუტურად განსხვავებული სახე - რომ ჩვენთვის ადამიანი არის ყველაზე მნიშვნელოვანი",- განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სახელმწიფომ შეინარჩუნა სტაბილურობა ისე, რომ არ გადათელა ადამიანები და არ გამოვარდა სპეცრაზმი, როგორც ადრე არაერთხელ მომხდარა.

პრემიერმინისტრის თქმით, ნაციონალური მოძრაობის ერთი ნაწილი აქეზებდა ხალხს და თამაშობდა ადამიანების ემოციებზე.

"ისიც მინდა ვთქვა, რომ ნურავის მოატყუებს ეს ჩვენი ჰუმანური სახე და ნურავინ შეეცდება სახელმწიფოში სტაბილურობის შერყევას, რადგან სახელმწიფოს პასუხი იქნება ძალიან მკაცრი, როგორც კი დავინახავთ, რომ შეიძლება ზღვარი გადასცდეს წითელ ხაზს. სხვათა შორის, ისიც ზუსტად ვიცით, როგორ ცდილობდნენ პოლიტიკოსები მუხტის შენარჩუნებას დილამდე და ჩვენ თუ ამას გავაკეთებდით, ისინი, შესაძლოა, დილამდე მუხტის შენარჩუნებას შეძლებდნენ. თუმცა, პროტესტის მუხტი ქვეყანაში არ არსებობს და სწორედ ეს გახდა ამ პოლიტიკოსების კრახის მიზეზი. მათ დაინახეს, რომ ვერ მიაღწიეს საწადელს და ძალიან უსინდისოდ დაიწყეს ისრების გადმოტანა მთავრობაზე.

ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" ერთი ნაწილი, რომელიც პირდაპირ აქეზებდა ხალხს, თამაშობდა ადამიანების ემოციებზე. მათ მოინდომეს ის, რაც მოინდომეს, მაგრამ არ გამოუვიდათ და სრული კრახით დასრულდა. დავინახეთ, როგორ ცდილობდნენ თბილისში, რუსთავში, ქუთაისში ხალხის შეკრებას და 20-25 ადამიანზე მეტი ვერ მოიყვანეს. მათ გააკეთეს აბსოლუტურად უსინდისო განმარტებები და მთლიანი პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა, მათ კისერზეა. დაველოდებით გამოძიებას. რა ვერსიას იხილავს გამოძიება, ნამდვილად არ ვიცი და არ ვერევი ამ საქმეში. გამოძიება, რა თქმა უნდა, გააკეთებს თავის საქმეს, მაგრამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამაზე მთლიანად ეკისრება ამ პოლიტიკოსთა ჯგუფს, რომლებიც მოქმედებენ დევიზით - თუ ჩვენ არ ვიქნებით ხელისუფლებაში, ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა ქვეყანაში. ეს არის მათი დევიზი და არ გამოუვათ, რადგან ხალხი არის ჩვენს მხარეს",- აღნიშნა პრემიერმა.

11-12 მარტს, ბათუმში აქცია დაახლოებით 12 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოქალაქეები თავდაპირველად პოლიციის მხრიდან ორი პირის დაკავებას აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, რომ პოლიციამ დაკავების დროს ძალა გამოიყენა. შემდეგ, მათ პოლიციის განყოფილების ახალი უფროსის გადადგომა მოითხოვეს. მოგვიანებით კი, პოლიციის შენობასთან მყოფი სპეცდანიშნულების რაზმის მისამართით ქვები ისროლეს, დააზიანეს პოლიციისა და მოქალაქეების ავტომანქანები. ამის შემდეგ პოლიციამ აქციაზე ცრემლსადენი გაზი გაუშვა. აქციის მონაწილეები დროებით დაიშალნენ, თუმცა ცოტა ხანში აქცია კვლავ განახლდა და გაგრძელდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქციაზე 40 პირი დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს 225-ე და 353-ე პრიმა მუხლებით, რაც მასობრივ არეულობასა და პოლიციელზე ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს. სახალხო დამცველის წარმომადგენლის ცნობით კი, ბათუმში, აქციის დღეს 75 ადამიანი დააკავეს. მისივე ინფორმაციით, დაკავებულთა ნაწილი ბათუმში არ ცხოვრობს.

კომენტარები