რუსეთი

პუტინმა გენდერის შეცვლის პროცედურების ამკრძალავ კანონს ხელი მოაწერა

Dmitry Lovetsky/AP/picture alliance

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა გენდერის შეცვლის პროცედურების ამკრძალავ კანონს ხელი მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაციას იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე დაყრდნობით რუსული მედია ავრცელებს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ევგენია კოტოვამ ფედერაციის საბჭოს სოციალური პოლიტიკის კომიტეტის მიერ კანონპროექტის განხილვისას განაცხადა, რომ დოკუმენტი არ არღვევს მოქალაქეთა კონსტიტუციურ უფლებებს.

რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ, სახელმწიფო დუმამ გენდერის შეცვლის პროცედურების ამკრძალავ კანონპროექტს მესამე და საბოლოო მოსმენით მხარი 14 ივლისს დაუჭირა

კანონის ამოქმედების შედეგად, ცვლილებები შევა რუსეთის მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის ძირითადი ნორმის კანონში, რის საფუძველზეც გენდერის შეცვლის მიზნით ნებისმიერი სამედიცინო ან ქირურგიული ჩარევა და შესაბამისი მედიკამენტების გამოყენება აიკრძალება.

აკრძალვა არ გავრცელდება ისეთ სამედიცინო ჩარევებზე, რომლებიც თანდაყოლილი ანომალიებისა და დეფექტების, ასევე ბავშვებში ატიპიურ სასქესო ორგანოებთან დაკავშირებული გენეტიკური და ენდოკრინოლოგიური დაავადებების მკურნალობაზეა მიმართული.

კანონის ძალაში შესვლით ცვლილებები შევა საოჯახო კოდექსშიც, რათა დაქორწინებული წყვილიდან ერთ-ერთის მიერ გენდერის შეცვლის შემთხვევაში მეორემ განქორწინების შესახებ განაცხადის შეტანა შეძლოს. პირს, რომელსაც გენდერი აქვს შეცვლილი, ბავშვის შვილად აყვანის უფლებაც ჩამოერთმევა.

რუსეთის დუმამ გენდერის შეცვლის ამკრძალავ კანონპროექტს თავდაპირველად 14 ივნისს დაუჭირა მხარი.

კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის, დეპუტატ პიოტრ ტოლსტოის თქმით, აკრძალვის მიზანია "დაიცვას რუსეთი თავისი კულტურული და ოჯახური ღირებულებებით და შეაჩეროს დასავლური ანტი-ოჯახური იდეოლოგიის ინფილტრაცია". რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა კენჭისყრის დაწყებამდე გენდერის შეცვლას "სუფთა სატანიზმი" უწოდა.

"ჩვენ არ გვინდა ეს ჩვენს ქვეყანაში მოხდეს. დაე ეშმაკეული პოლიტიკა აშშ-ში განხორციელდეს". - დასძინა ვოლოდინმა.

რუს დეპუტატებს კანონის გასასამართლებლად სხვადასხვა არგუმენტები მოჰყავთ. ერთ-ერთი ვერსიით, გენდერის შეცვლის პროცედურებს რუსი კაცები სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევისგან თავის ასარიდებლად იყენებენ.

რუსი ტრანსგენდერები და LGBT+ ადამიანების უფლებადამცველები კანონპროექტს ჯერ კიდევ მის დამტკიცებამდე ულმობელ მოვლენად აფასებდნენ.

დამოუკიდებელი რუსული საინფორმაციო გამოცემა Meduza იტყობინება, რომ კანონპროექტის განხილვისას სახელმწიფო დუმაში ერთიანობის მსგავსი დემონსტრირება პუტინის მმართველობის დროს მხოლოდ სამჯერ მოხდა - ერთ-ერთი სწორედ LGBT+ საზოგადოების წინააღმდეგ მიღებული "არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდის" კანონის განხილვისას.

ივნისის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კრემლის მიერ "არატრადიციული ცხოვრების წესის" წინააღმდეგ მიღებული კიდევ ერთი ბრძანების თანახმად, მალე რუსეთის კლინიკებში გამოჩნდებიან სექსოლოგები, რომლებიც პაციენტებს ჰომოსექსუალობისა და სხვა "ფსიქიკური აშლილობების" "დაძლევაში" დაეხმარებიან.

პუტინის მიერ ხელმოწერილი ბრძანების თანახმად, სპეციალისტები პაციენტებს "ავტოეროტიზმის, ჰომოსექსუალიზმისა და ზოოფილიის მსგავსი არასტანდარტული პრეფერენციების" გამკლავებაშიც დაეხმარებიან. ბრძანება ძალაში 1 ივლისს შევიდა.

რუსეთში LGBT+ საზოგადოება ვლადიმირ პუტინისა და რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ წამოწყებული "ტრადიციული ღირებულებების" კამპანიის გავლენით უკვე ათწლეულია მზარდი ზეწოლის ქვეშ იმყოფება.

კომენტარები