რუსეთი

რუსეთში განიხილავენ კანონპროექტს, რომელიც გენდერის შეცვლის პროცედურებს აკრძალავს

წითელ მოედანზე გამართული საპროტესტო აქციის დროს გეი აქტივისტებს უჭირავთ ბანერი წარწერით "ჰომოფობია - ნახირის რელიგია", 2013 წლის 14 ივლისი
AP Photo/Evgeny Feldman, File

რუსეთის სახელმწიფო დუმას დეპუტატებმა 14 ივნისს მხარი დაუჭირეს კანონპროექტს, რომელიც გენდერის შეცვლის ყველანაირ პროცედურას აკრძალავს.

კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის, დეპუტატ პიოტრ ტოლსტოის თქმით, აკრძალვის მიზანია "დაიცვას რუსეთი თავისი კულტურული და ოჯახური ღირებულებებით და შეაჩეროს დასავლური ანტი-ოჯახური იდეოლოგიის ინფილტრაცია".

კანონპროექტი კრძალავს "სამედიცინო ჩარევას, რომლის მიზანიც პიროვნების სქესის შეცვლაა", ასევე იკრძალება ოფიციალურ დოკუმენტებსა და საჯარო ჩანაწერებში ადამიანის გენდერის შეცვლა.

რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა კენჭისყრის დაწყებამდე გენდერის შეცვლას “სუფთა სატანიზმი” უწოდა.

"ჩვენ არ გვინდა ეს ჩვენს ქვეყანაში მოხდეს. დაე ეშმაკეული პოლიტიკა აშშ-ში განხორციელდეს". - დასძინა ვოლოდინმა.

რუს დეპუტატებს კანონის გასასამართლებლად სხვადასხვა არგუმენტები მოჰყავთ. ერთ-ერთი ვერსიით, გენდერის შეცვლის პროცედურებს რუსი კაცები სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევისგან თავის ასარიდებლად იყენებენ.

რუსი ტრანსგენდერები და LGBT+ ადამიანების უფლებადამცველები კანონპროექტს ულმობელ მოვლენად აფასებენ.

ადამიანის უფლებების ადვოკატის, მაქს ოლენჩევის თქმით, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ტრანსგენდერებს შესაბამისი სამედიცინო პროცედურების, მათ შორის ჰორმონოთერაპიისა და ქირურგიული ოპერაციების ჩასატარებლად, ასევე დოკუმენტებში საკუთარი გენდერის შესაცვლელად ქვეყნის დატოვება მოუწევთ.

კანონპროექტმა მიღებამდე რუსეთის დუმას სამი მოსმენა უნდა გაიაროს, თუმცა თავდაპირველი მხარდაჭერით თუ ვიმსჯელებთ, მას აუცილებლად მიიღებენ.

დამოუკიდებელი რუსული საინფორმაციო გამოცემა Meduza იტყობინება, რომ კანონპროექტის განხილვისას სახელმწიფო დუმაში ერთიანობის მსგავსი დემონსტრირება პუტინის მმართველობის დროს მხოლოდ სამჯერ მოხდა - ერთ-ერთი სწორედ LGBT+ საზოგადოების წინააღმდეგ მიღებული "არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდის" კანონის განხილვისას.

რუსეთში LGBT+ საზოგადოება ვლადიმირ პუტინისა და რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ წამოწყებული "ტრადიციული ღირებულებების" კამპანიის გავლენით უკვე ათწლეულია მზარდი ზეწოლის ქვეშ იმყოფება.

კომენტარები