პრიგოჟინის ამბოხება

ამბოხის შემდეგ რუსეთის მმართველი ელიტა დაძაბული და დაბნეულია – მარკ მილი

ამერიკის შეერთებული შტატების გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარე, გენერალი მარკ მილი

ამერიკის შეერთებული შტატების გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარის, გენერალ მარკ მილის თქმით, ვაგნერის ჯგუფის მიერ ივნისის ბოლოს მოწყობილი ამბოხის შემდეგ რუსეთის მმართველი ელიტა დაძაბული და დაბნეულია.

ამის შესახებ ამერიკელმა გენერალმა აზიის ტურნეში მასთან ერთად მყოფი ჟურნალისტების პატარა ჯგუფს უთხრა და დასძინა, რომ ჯერჯერობით უცნობია რა გავლენა აქვს კრემლში დაბნეულობას უკრაინაში ბრძოლის ველზე, რამდენადაც ფრონტზე მყოფი დაბალი რანგის რუსი მებრძოლები ადგილზე არსებულ სიტუაციაზე არიან კონცენტრირებულები და დღიდან დღემდე გადარჩენას ცდილობენ.

"ძალიან მაღალ დონეზე ბევრი დრამა მიმდინარეობს. როგორ განვითარდება ეს საბოლოოდ? ამაში დარწმუნებული არ ვარ. არ ვფიქრობ რომ აქ მოვრჩით. ვფიქრობ ამის შესახებ კიდევ ბევრი თავია მოსასმენი". - თქვა მილიმ.

გენერალმა ევგენი პრიგოჟინის ადგილსამყოფლის შესახებაც გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ მისი აზრით ვაგნერის დამფუძნებელი ბელარუსსა და რუსეთს შორის წინ და უკან გადაადგილდება, თუმცა ზუსტ ლოკაციებზე არ უსაუბრია.

ჰავაიში გამართული სამმხრივი მოლაპარაკების შემდეგ, მარკ მილიმ აზიური ტურნე დაიწყო, რომლის ფარგლებშიც იაპონიასა და სამხრეთ კორეას ეწვევა.


რუსეთში სამხედრო არეულობა 23 ივნისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერელების ბანაკზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა და მათ საპასუხო ნაბიჯებს დაჰპირდა.

იერიშის ბრალდების გარდა, პრიგოჟინი უკრაინაში რუსი სამხედროების დიდ დანაკარგებში თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის მეთაურს, ვალერი გერასიმოვს ადანაშაულებდა. ვაგნერის დამფუძნებელი იმუქრებოდა, რომ გაანადგურებდნენ ყველას, ვინც გზაზე გადაუდგებოდა.

როცა მზარეულს მადა ეხსნება – ევგენი პრიგოჟინის გზა აჯანყებამდე

ვაგნერის ძალები 24 ივნისის გამთენიისას შევიდნენ დონის როსტოვში, სადაც, პრიგოჟინის მტკიცებით, აქამდე იმყოფებოდა რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ. ვაგნერის ლიდერი ამბობდა, რომ შოიგუ აქ სპეციალურად ჩამოვიდა, რათა მისი ძალების განადგურება დაეგეგმა, თუმცა, საპასუხო მოქმედებების დაწყების შემდეგ, გაიქცა. თავად პრიგოჟინი ამბობდა, რომ ეს არა სამხედრო გადატრიალება, არამედ "სამართლიანობის მარში" იყო.

ქალაქ როსტოვში ვაგნერელებმა ალყაში მოაქციეს და დაიკავეს ადმინისტრაციული და სამხედრო ობიექტები. იგივე მოხდა ქალაქ ვორონეჟშიც. პრიგოჟინის მოსკოვისკენ წინსვლას აანონსებდა. რუსეთის დედაქალაქში ამოქმედდა ანტიტერორისტული რეჟიმი.

მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალური მიმართვა გააკეთა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა. ის ამბობდა, რომ ეს მოქმედებები არის ღალატი და გადატრიალების მცდელობა და მის ლიდერებს გარდაუვალ სასჯელს ჰპირდებოდა. საპასუხოდ პრიგოჟინმა განაცხადა, რომ პუტინის მოთხოვნის გამო დანებებას არ აპირებდნენ, რადგან "ბიუროკრატიაში, ტყუილსა და კორუფციაში ცხოვრება" აღარ სურდათ.

დაპირისპირებულ მხარეებს შორის შუამავლობა დაიწყო ბელარუსის ავტოკრატმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ. საბოლოოდ მხარეებმა დეესკალაციის შეთანხმებას მიაღწიეს. პრიგოჟინმა განაცხადა, რომ "გეგმის შესაბამისად", საკუთარ ძალებს უკან, საველე ბანაკებში დააბრუნებდა. შემდეგ კრემლში განაცხადეს, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდებოდა, თავად ოლიგარქი კი ბელარუსში გადავიდოდა. თუმცა, შემდეგში რუსულმა სამთავრობო მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არ შეწყვეტილა.

არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების დროს ვაგნერელებმა ჩამოაგდეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ექვსი ვერტმფრენი, აქედან ერთი ძვირადღირებული რადიოელექტრონული ბრძოლის ვერტმფრენი და ერთი რადიოელექტრონული დაზვერვის თვითმფრინავი.

აჯანყების შემდეგ პრიგოჟინმა თქვა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 1-ელი ივლისისთვის კსკ ვაგნერის დაშლას აპირებდა. ოლიგარქის მტკიცებით, ისინი ჯავშანტექნიკას სატვირთოებზე ტვირთავდნენ, რათა როსტოვში ჩაეტანათ და უწყებისთვის საჯაროდ გადაეცათ, თუმცა მათზე იერიში მიიტანეს, რასაც, მისივე მტკიცებით, 30-მდე ვაგნერელი ემსხვერპლა. პრიგოჟინის თქმით, სწორედ ეს გახდა ესკალაციის გამომწვევი მიზეზი.

26 ივნისს პუტინმა ვაგნერელებს სამი ალტერნატივა შესთავაზა: თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის დადება, სახლში დაბრუნება, ან ბელარუსში გადასვლა.

კომენტარები