პრიგოჟინის ამბოხება

რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მეთაური სუროვიკინი აფზალოვით ჩაანაცვლეს – რუსული მედია

ვიქტორ აფზალოვი

რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ცნობას, რომ რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მეთაურის პოსტზე სერგეი სუროვიკინის ნაცვლად დროებით მისი მოადგილე, ვიქტორ აფზალოვი დდანიშნეს.

"რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების ყოფილი მთავარსარდალი სერგეი სუროვიკინი ამჟამად მოვალეობიდან გათავისუფლებულია, საჰაერო-კოსმოსური ძალების მთავარსარდლის მოვალეობას დროებით ასრულებს საჰაერო-კოსმოსური ძალების მთავარი შტაბის მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი ვიქტორ აფზალოვი". – თქვა რუსულ სამთავრობო მედიასთან ანონიმურმა წყარომ.

აქამდე, გასულ დღეს РБК-მ გაავრცელა ცნობა, რომ სერგეი სუროვიკინი მოვალეობიდან გაათავისუფლეს. მათი წყაროს მტკიცებით, გათავისუფლება სხვა თანამდებობაზე გადასვლას უკავშირდებოდა და ამჟამად ის "მოკლევადიან შვებულებაშია".

აფზალოვი საჰაერო-კოსმოსური ძალების მთავარსარდლის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი იყო მაშინაც, როცა სუროვიკინი უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ძალებს ხელმძღვანელობდა.

აფზალოვს საბრძოლო გამოცდილება არ აქვს. ის საზოგადოებისთვისაც უცნობი ფიგურაა. გენერალ-პოლკოვნიკ აფზალოვს დასრულებული აქვს პუშკინის რადიოელექტრონული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის უმაღლესი განათლების სასწავლებელი. 2000 წელს დაასრულა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სამხედრო უნივერსიტეტი, 2010-იან წლებში კი გენშტაბის სამხედრო აკადემია. ის თავდაპირველად იყო ჰსთ-ს საზენიტო-სარაკეტო დივიზიების კორპუსის საბრძოლო კონტროლის ჯგუფის მეთაური. 2017 წელს დაინიშნა რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალებისა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის აღმოსავლეთის სამხედრო ოკრუგის მეთაურად, 2018 წლის აგვისტოში კი საჰაერო-კოსმოსური ძალების მთავარი შტაბის მეთაურის მოვალეობის შესრულება დაიწყო,

აფზალოვის ერთ-ერთი პირველი საჯარო გამოჩენა ივლისის დასაწყისში შედგა, როცა მან რუსეთის გენშტაბის მეთაურს, ვალერი გერასიმოვს ანგარიში ჩააბარა მაშინ, როცა გენერალი სუროვიკინის ადგილსამყოფელი უცნობი იყო. ამაზე ყურადღებას ამახვილებდა დიდი ბრიტანეთის დაზვერვაც. აფზალოვი საჰაერო-კოსმოსური ძალების მეთაურის მოადგილის პოსტს 4 წელი იკავებდა, თუმცა ეს შესაძლოა მისი პირველი საჯარო გამოჩენა იყო. 

აქამდე, გასულ თვეებში მედიაში გავრცელებული იყო ცნობა, რომ სერგეი სუროვიკინი დაკავებულია. 

სუროვიკინი საჯაროდ 24 ივნისის მიმართვის შემდეგ არ გამოჩენილა. ამ დღეს კსკ ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელს, ევგენი პრიგოჟინს წამოწყებული ჰქონდა გადატრიალების მცდელობა.

გასულ თვეებში The New York Times-ი წერდა, რომ გენერალი სუროვიკინი შესაძლოა ვაგნერელების მხარს იჭერდა და მათი გეგმების შესახებაც წინასწარ იცოდა, მიუხედავად იმისა, რომ აჯანყების ღამეს გავრცელდა მისი სპეციალური მიმართვა, რომელიც დეესკალაციის მოწოდება იყო. კრემლში ამ ცნობას სპეკულაციას უწოდებდნენ.

კომენტარები