ამერიკის შეერთებული შტატების გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარე, გენერალი მარკ მილი სამხრეთ კორეელ და იაპონელ კოლეგებს შეხვდა.
ორ აზიურ ქვეყანას შორის დაძაბული ურთიერთობის ფონზე, რომელიც იაპონიის მიერ კორეის 1910-1945 წლების ოკუპაციის შემდეგ გრძელდება, შეხვედრა დიდი მნიშვნელობის მატარებელია. ვაშინგტონი სეულსა და ტოკიოს ჩინეთიდან და ჩრდილოეთ კორეიდან მომავალი საფრთხის ფონზე მეტი თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით აკრძალვის მიუხედავად, წელს ჩრდილოეთ კორეამ მყარსხეულოვან საწვავზე მომუშავე პირველი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გამოცადა და წარუმატებლად ეცადა სამხედრო ჯაშუში თანამგზავრის გაშვებასაც.
11 ივლისს ჩრდილოეთ კორეის ლიდერის დამ, კიმ იო ჯონგმა თქვა, რომ ამერიკული სადაზვერვო ხომალდები ჩრდილოეთ კორეის უსაფრთხოებას არღვევენ და მათი ჩამოგდებით დაიმუქრა.
გენერალ მარკ მილის წარმომადგენლის, პოლკოვნიკ დეივ ბატლერის თქმით, ამერიკელი, იაპონელი და სამხრეთ კორეელი გენერლების შეხვედრის პარალელურად, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იგეგმებოდა, ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.
სამმხრივი შეხვედრა ჰავაიში გაიმართა. ბოლოს ქვეყნების სამხედრო სფეროს მაღალჩინოსნები ერთმანეთს 2022 წლის მარტში შეხვდნენ.
მარკ მილი მიმდინარე კვირაში იაპონიასა და სამხრეთ კორეაში ჩასვლასაც გეგმავს.