პრიგოჟინის ამბოხება

BAZA-ს ცნობით, ვორონეჟის ოლქში 2 ვაგნერელი აჯანყებაში მონაწილეობაზე უარისთვის დახვრიტეს

ვაგნერის მებრძოლი უკრაინაში
РИА

რუსული ტელეგრამ-არხი BAZA რამდენიმე 14 ივლისს ავრცელებდა ცნობას, რომ რუსეთში, ვორონეჟის ოლქში, ვორონეჟი-ლუგანსკის ტრასის მახლობლად, სოფელ ოსკინოსთან იპოვეს ორი ცხედარი, რომლებსაც სამხედრო ფორმები ეცვათ და ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდათ მიყენებული. დღეს, 18 ივლისს გავრცელებულ ცნობაში BAZA ირწმუნება, რომ ცხედრები კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის წევრების ეკუთვნით და ისინი 24 ივნისს აჯანყებაში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო დახვრიტეს.

14 ივლისს BAZA წერდა, რომ ცხედრები ჯერ კიდევ 6 ივლისს იპოვეს. ამავე ინფორმაციით, მათ თან არ ჰქონდათ პირადობის დამადასტურებელი საბუთები. ცხედრების მახლობლად აღმოაჩინეს ავტომობილიც, რომელშიც ცეცხლსასროლი იარაღი იდო. BAZA წერდა, რომ აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე მკვლელობასთან დაკავშირებით.

18 ივლისის პოსტში BAZA წერს, რომ გამომძიებლებმა შეძლეს დაედგინათ ორი პირის დახვრეტაში ეჭვმიტანილი ადამიანის ვინაობა და 17 ივლისს მკვლელობის ბრალდებით დააკავეს 25 წლის ყირგიზეთის მოქალაქე, იაროსლავ შეხოვცოვი დააკავეს. BAZA წერს, რომ დაკითხვის დროს მან თქვა, რომ თავადაც ვაგნერის ჯგუფის წევრია და აღიარა, რომ ორი კაცი მოკლეს 24 ივნისს, აჯანყებაში მონაწილეობაზე უარის გამო. ამავე ინფორმაციით, მოკლულთა ვინაობა ამ დრომდე უცნობია.

ამავე ინფორმაციას ავრცელებს ტელეგრამ-არხი Осторожно, новости-ც.


რუსეთში სამხედრო არეულობა 23 ივნისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერელების ბანაკზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა და მათ საპასუხო ნაბიჯებს დაჰპირდა.

იერიშის ბრალდების გარდა, პრიგოჟინი უკრაინაში რუსი სამხედროების დიდ დანაკარგებში თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის მეთაურს, ვალერი გერასიმოვს ადანაშაულებდა. ვაგნერის დამფუძნებელი იმუქრებოდა, რომ გაანადგურებდნენ ყველას, ვინც გზაზე გადაუდგებოდა.

როცა მზარეულს მადა ეხსნება – ევგენი პრიგოჟინის გზა აჯანყებამდე

ვაგნერის ძალები 24 ივნისის გამთენიისას შევიდნენ დონის როსტოვში, სადაც, პრიგოჟინის მტკიცებით, აქამდე იმყოფებოდა რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ. ვაგნერის ლიდერი ამბობდა, რომ შოიგუ აქ სპეციალურად ჩამოვიდა, რათა მისი ძალების განადგურება დაეგეგმა, თუმცა, საპასუხო მოქმედებების დაწყების შემდეგ, გაიქცა. თავად პრიგოჟინი ამბობდა, რომ ეს არა სამხედრო გადატრიალება, არამედ "სამართლიანობის მარში" იყო.

ქალაქ როსტოვში ვაგნერელებმა ალყაში მოაქციეს და დაიკავეს ადმინისტრაციული და სამხედრო ობიექტები. იგივე მოხდა ქალაქ ვორონეჟშიც. პრიგოჟინის მოსკოვისკენ წინსვლას აანონსებდა. რუსეთის დედაქალაქში ამოქმედდა ანტიტერორისტული რეჟიმი.

მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალური მიმართვა გააკეთა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა. ის ამბობდა, რომ ეს მოქმედებები არის ღალატი და გადატრიალების მცდელობა და მის ლიდერებს გარდაუვალ სასჯელს ჰპირდებოდა. საპასუხოდ პრიგოჟინმა განაცხადა, რომ პუტინის მოთხოვნის გამო დანებებას არ აპირებდნენ, რადგან "ბიუროკრატიაში, ტყუილსა და კორუფციაში ცხოვრება" აღარ სურდათ.

დაპირისპირებულ მხარეებს შორის შუამავლობა დაიწყო ბელარუსის ავტოკრატმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ. საბოლოოდ მხარეებმა დეესკალაციის შეთანხმებას მიაღწიეს. პრიგოჟინმა განაცხადა, რომ "გეგმის შესაბამისად", საკუთარ ძალებს უკან, საველე ბანაკებში დააბრუნებდა. შემდეგ კრემლში განაცხადეს, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდებოდა, თავად ოლიგარქი კი ბელარუსში გადავიდოდა. თუმცა, შემდეგში რუსულმა სამთავრობო მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არ შეწყვეტილა.

არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების დროს ვაგნერელებმა ჩამოაგდეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ექვსი ვერტმფრენი, აქედან ერთი ძვირადღირებული რადიოელექტრონული ბრძოლის ვერტმფრენი და ერთი რადიოელექტრონული დაზვერვის თვითმფრინავი.

აჯანყების შემდეგ პრიგოჟინმა თქვა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 1-ელი ივლისისთვის კსკ ვაგნერის დაშლას აპირებდა. ოლიგარქის მტკიცებით, ისინი ჯავშანტექნიკას სატვირთოებზე ტვირთავდნენ, რათა როსტოვში ჩაეტანათ და უწყებისთვის საჯაროდ გადაეცათ, თუმცა მათზე იერიში მიიტანეს, რასაც, მისივე მტკიცებით, 30-მდე ვაგნერელი ემსხვერპლა. პრიგოჟინის თქმით, სწორედ ეს გახდა ესკალაციის გამომწვევი მიზეზი.

26 ივნისს პუტინმა ვაგნერელებს სამი ალტერნატივა შესთავაზა: თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის დადება, სახლში დაბრუნება, ან ბელარუსში გადასვლა.

პრიგოჟინი, ვაგნერის სამხედრო მეთაურებთან ერთად, 29 ივნისს ვლადიმირ პუტინს კრემლში შეხვდა.

პუტინი Коммерсантъ-ს: კსკ ვაგნერი არ არსებობს, ჯგუფი არის, მაგრამ იურიდიულად არ არსებობს

კომენტარები