პრიგოჟინის ამბოხება

პენტაგონის მაღალჩინოსნის თქმით, პრიგოჟინი გადაადგილების დასამალად ორეულებს იყენებს – NYT

ევგენი პრიგოჟინი

გამოცემა The New York Times-ი საკუთარ სტატიაში წერს, რომ პენტაგონის მაღალჩინოსნის თქმით, კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი ორეულებს იყენებს, რათა ადგილსამყოფელი დამალოს.

"პენტაგონის მაღალჩინოსანმა, ანონიმურობის პირობით, რათა სენსიტიურ სადაზვერვო ინფორმაციაზე ესაუბრა, თქვა, რომ ვაგნერის ლიდერი აჯანყების შემდეგ ძირითადად რუსეთში იყო, მაგრამ მისივე თქმით, არაა ცხადი, იმყოფებოდა თუ არა ის ბელარუსში, რადგან, როგორც ჩანს, პრიგოჟინის გადაადგილების შესაფარად ორეულებს იყენებს". – წერს NYT.

გასულ დღეს ბელარუსის ავტოკრატმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელიც ვაგნერის დამფუძნებელსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შორის მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობდა, თქვა, რომ ევგენი პრიგოჟინი რუსეთში, სანქტ-პეტერბურგში იყო, ბოლო ინფორმაციით, 6 ივლისის დილისთვის. ლუკაშენკოს თქმით ის შეიძლება წავიდა მოსკოვში ან სადმე სხვაგან, "მაგრამ ბელარუსის ტერიტორიაზე არ იმყოფება".

ამას გარდა, ლუკაშენკომ თქვა, რომ პუტინი პრიგოჟინის მოკვლას არ აპირებს.

აქამდე, რამდენიმე კვირის წინ ლუკაშენკო ამბობდა, რომ პრიგოჟინი ბელარუსში იმყოფებოდა. ამ ცნობის შემდეგ Flight Radar-ის მონაცემების მიხედვით, რუს ოლიგარქთან დაკავშირებული ორი თვითმფრინავი აგრძელებდა ფრენებს ბელარუსიდან რუსეთში, როგორც სანქტ-პეტერბურგსა და მოსკოვში, ისე სხვა მიმართულებებითაც. მისი ადგილმდებარეობა ამ დრომდე უცნობია.


რუსეთში სამხედრო არეულობა 23 ივნისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერელების ბანაკზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა და მათ საპასუხო ნაბიჯებს დაჰპირდა.

იერიშის ბრალდების გარდა, პრიგოჟინი უკრაინაში რუსი სამხედროების დიდ დანაკარგებში თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის მეთაურს, ვალერი გერასიმოვს ადანაშაულებდა. ვაგნერის დამფუძნებელი იმუქრებოდა, რომ გაანადგურებდნენ ყველას, ვინც გზაზე გადაუდგებოდა.

როცა მზარეულს მადა ეხსნება – ევგენი პრიგოჟინის გზა აჯანყებამდე

ვაგნერის ძალები 24 ივნისის გამთენიისას შევიდნენ დონის როსტოვში, სადაც, პრიგოჟინის მტკიცებით, აქამდე იმყოფებოდა რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ. ვაგნერის ლიდერი ამბობდა, რომ შოიგუ აქ სპეციალურად ჩამოვიდა, რათა მისი ძალების განადგურება დაეგეგმა, თუმცა, საპასუხო მოქმედებების დაწყების შემდეგ, გაიქცა. თავად პრიგოჟინი ამბობდა, რომ ეს არა სამხედრო გადატრიალება, არამედ "სამართლიანობის მარში" იყო.

ქალაქ როსტოვში ვაგნერელებმა ალყაში მოაქციეს და დაიკავეს ადმინისტრაციული და სამხედრო ობიექტები. იგივე მოხდა ქალაქ ვორონეჟშიც. პრიგოჟინის მოსკოვისკენ წინსვლას აანონსებდა. რუსეთის დედაქალაქში ამოქმედდა ანტიტერორისტული რეჟიმი.

მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალური მიმართვა გააკეთა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა. ის ამბობდა, რომ ეს მოქმედებები არის ღალატი და გადატრიალების მცდელობა და მის ლიდერებს გარდაუვალ სასჯელს ჰპირდებოდა. საპასუხოდ პრიგოჟინმა განაცხადა, რომ პუტინის მოთხოვნის გამო დანებებას არ აპირებდნენ, რადგან "ბიუროკრატიაში, ტყუილსა და კორუფციაში ცხოვრება" აღარ სურდათ.

დაპირისპირებულ მხარეებს შორის შუამავლობა დაიწყო ბელარუსის ავტოკრატმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ. საბოლოოდ მხარეებმა დეესკალაციის შეთანხმებას მიაღწიეს. პრიგოჟინმა განაცხადა, რომ "გეგმის შესაბამისად", საკუთარ ძალებს უკან, საველე ბანაკებში დააბრუნებდა. შემდეგ კრემლში განაცხადეს, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდებოდა, თავად ოლიგარქი კი ბელარუსში გადავიდოდა. თუმცა, შემდეგში რუსულმა სამთავრობო მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არ შეწყვეტილა.

არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების დროს ვაგნერელებმა ჩამოაგდეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ექვსი ვერტმფრენი, აქედან ერთი ძვირადღირებული რადიოელექტრონული ბრძოლის ვერტმფრენი და ერთი რადიოელექტრონული დაზვერვის თვითმფრინავი.

აჯანყების შემდეგ პრიგოჟინმა თქვა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 1-ელი ივლისისთვის კსკ ვაგნერის დაშლას აპირებდა. ოლიგარქის მტკიცებით, ისინი ჯავშანტექნიკას სატვირთოებზე ტვირთავდნენ, რათა როსტოვში ჩაეტანათ და უწყებისთვის საჯაროდ გადაეცათ, თუმცა მათზე იერიში მიიტანეს, რასაც, მისივე მტკიცებით, 30-მდე ვაგნერელი ემსხვერპლა. პრიგოჟინის თქმით, სწორედ ეს გახდა ესკალაციის გამომწვევი მიზეზი.

26 ივნისს პუტინმა ვაგნერელებს სამი ალტერნატივა შესთავაზა: თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის დადება, სახლში დაბრუნება, ან ბელარუსში გადასვლა.

კომენტარები