პრიგოჟინის ამბოხება

ლუკაშენკომ ვაგნერელები თავისი სამხედროების გადასამზადებლად ბელარუსში მიიწვია

ალექსანდრ ლუკაშენკო და ვლადიმირ პუტინი

ბელარუსის ავტოკრატმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დაქირავებული ჯარისკაცები თავისი სამხედროების გადასამზადებლად ბელარუსში მიიწვია. როგორც ბელარუსის მედია, Belta წერს, ამის შესახებ ლუკაშენკომ 30 ივნისს ბელარუსის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ გამოსვლაში ისაუბრა.

"სამწუხაროდ, ისინი [ვაგნერელები] აქ არ არიან, და თუ მათი ინსტრუქტორები, როგორც უკვე მათ ვუთხარი, მოვლენ და გადმოგვცემენ საბრძოლო გამოცდილებას, ჩვენ მივიღებთ ამ გამოცდილებას." - თქვა ლუკაშენკომ.

თავის გამოსვლაში ლუკაშენკომ ასევე აღნიშნა, რომ მას არ ეშინია ვაგნერის ჯგუფის წევრების, რადგან მათ "დიდი ხანია იცნობს."

"ეს ის ხალხია, ვინც მთელ მსოფლიოში ნორმალური ცივილიზაციის დამკვიდრებისთვის იბრძოდა. დასავლეთს ისინი მთელი გულით სძულს." - თქვა ლუკაშენკომ.

ლუკაშენკოს მიერ ვაგნერის მოწვევამდე რამდენიმე დღით ადრე პუტინმა მოლაპარაკებებში შუამავლობისთვის და აჯანყების ჩახშობისთვის მადლობა გადაუხადა.


რუსეთში ჩაშლილი ამბოხების შემდეგ, სამხედრო საქმიანობის გასაგრძელებლად ვაგნერი ლუკაშენკომ ბელარუსში მიიწვია. 27 ივნისს ბელარუსში ჩავიდა ევგენი პრიგოჟინიც.

ბელარუსის დედაქალაქ მინსკის სამხრეთ აღმოსავლეთით მდებარე მიტოვებული სამხედრო ობიექტის სატელიტურ გამოსახულებებზე ბოლო დღეებში გამოჩენილი კონსტრუქციები მიუთითებს, რომ აქ ვაგნერის ჯგუფი სამხედრო ბაზის სწრაფად მოწყობას ცდილობს.

აღნიშნულს ადასტურებს რუსული მედიაც, რომლის მიხედვითაც მინსკიდან 90 კილომეტრში მდებარე ქალაქ ასიპოვიჩის მახლობლად, მიტოვებულ სამხედრო ობიექტზე ვაგნერის სამხედროებს ახალი ბაზის შექმნა შეუძლიათ.

პუტინის შეთავაზებით, ვაგნერელებს სამი ალტერნატივა გააჩნდათ: გაეფორმებინათ კონტრაქტი თავდაცვის სამინისტროსთან; დაბრუნებულიყვნენ სახლში; გადასულიყვნენ ბელარუსში.


რუსეთში სამხედრო არეულობა 23 ივნისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერელების ბანაკზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა და მათ საპასუხო ნაბიჯებს დაჰპირდა.

იერიშის ბრალდების გარდა, პრიგოჟინი უკრაინაში რუსი სამხედროების დიდ დანაკარგებში თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის მეთაურს, ვალერი გერასიმოვს ადანაშაულებდა. ვაგნერის დამფუძნებელი იმუქრებოდა, რომ გაანადგურებდნენ ყველას, ვინც გზაზე გადაუდგებოდა.

"პუტინს ატყუებენ, ომი ოლიგარქებს სურდათ, უკან ვიხევთ" – პრიგოჟინმა ახალი ვიდეო გაავრცელა

ვაგნერის ძალები 24 ივნისის გამთენიისას შევიდნენ დონის როსტოვში, სადაც, პრიგოჟინის მტკიცებით, აქამდე იმყოფებოდა რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ. ვაგნერის ლიდერი ამბობდა, რომ შოიგუ აქ სპეციალურად ჩამოვიდა, რათა მისი ძალების განადგურება დაეგეგმა, თუმცა, საპასუხო მოქმედებების დაწყების შემდეგ, გაიქცა. თავად პრიგოჟინი ამბობდა, რომ ეს არა სამხედრო გადატრიალება, არამედ "სამართლიანობის მარში" იყო.

ქალაქ როსტოვში ვაგნერელებმა ალყაში მოაქციეს და დაიკავეს ადმინისტრაციული და სამხედრო ობიექტები. იგივე მოხდა ქალაქ ვორონეჟშიც. პრიგოჟინის მოსკოვისკენ წინსვლას აანონსებდა. რუსეთის დედაქალაქში ამოქმედდა ანტიტერორისტული რეჟიმი.

მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალური მიმართვა გააკეთა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა. ის ამბობდა, რომ ეს მოქმედებები არის ღალატი და გადატრიალების მცდელობა და მის ლიდერებს გარდაუვალ სასჯელს ჰპირდებოდა. საპასუხოდ პრიგოჟინმა განაცხადა, რომ პუტინის მოთხოვნის გამო დანებებას არ აპირებდნენ, რადგან "ბიუროკრატიაში, ტყუილსა და კორუფციაში ცხოვრება" აღარ სურდათ.

"დაიწყეს გამოჩენა ადამიანებმა, რომლებიც თითქოს ჩრდილში ისხდნენ - ისინი არ ჩანდნენ, არ ისმოდა მათი ხმა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ისინი ძალიან ეფექტიანები და ძალიან საჭიროები არიან. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები სიცოცხლეს პირველები ტოვებენ, რადგან თავს არ ინდობენ - აი უბედურება რაშია" – პუტინი

არეულობის დაწყებამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სურდა, რომ ყველა "მოხალისეობრივ დანაყოფთან" კონტრაქტი გაეფორმებინათ. ამის აუცილებლობაზე საუბრობდა პუტინიც, თუმცა ვაგნერის დამფუძნებელი უარზე რჩებოდა და აცხადებდა, რომ თავდაცვის უწყებასთან არანაირ კონტრაქტს გააფორმებდა.

კომენტარები