პრიგოჟინის ამბოხება

ტრამპი: რუსეთში სამხედრო არეულობამ პუტინი დაასუსტა

დონალდ ტრამპი და ვლადიმირ პუტინი
PBS

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპა Reuters-თან ინტერვიუში რუსეთ-უკრაინის ომზე ისაუბრა. 

ტრამპის თქმით, აშშ ვალდებულია, აიძულოს კონფლიქტის მხარეები, დაიწყონ მოლაპარაკებები ომის დასასრულებლად.

"ვფიქრობ, მთავარი, რასაც აშშ ახლა უნდა აკეთებდეს არის მშვიდობის დამყარება - რუსეთისა და უკრაინის ერთად თავმოყრა და მშვიდობის დამყარება. ეს შესაძლებელია. ახლა არის ამის გაკეთების დრო, ორივე მხარე ერთად დასვა და აიძულო მშვიდობა". – ამბობს ტრამპი.

ტრამპი ასევე გამოეხმაურა 23 ივნისს რუსეთში კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის მიერ დაწყებულ სამხედრო არეულობას. ტრამპმა აღნიშნა, რომ რუსეთში გადატრიალების მცდელობამ პუტინი გარკვეულწილად დაასუსტა.

"შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის კვლავ თავის ადგილზეა და კვლავ ძლიერადაა, თუმცა, ის გარკვეულწილად ნამდვილად დასუსტდა, ყოველ შემთხვევაში, ბევრი ადამიანის თვალში მაინც". – თქვა ტრამპმა. 

მან ასევე კომენტარი გააკეთა პუტინის ჩანაცვლების შესაძლებლობაზე.

"არ ვიცით, რა არის ალტერნატივა. ეს შესაძლებელია იყოს უკეთესი, თუმცა, ასევე შეიძლება იყოს უარესი". – აღნიშნა ტრამპმა.

რუსეთში სამხედრო არეულობა 23 ივნისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერელების ბანაკზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა და მათ საპასუხო ნაბიჯებს დაჰპირდა.

იერიშის ბრალდების გარდა, პრიგოჟინი უკრაინაში რუსი სამხედროების დიდ დანაკარგებში თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის მეთაურს, ვალერი გერასიმოვს ადანაშაულებდა. ვაგნერის დამფუძნებელი იმუქრებოდა, რომ გაანადგურებდნენ ყველას, ვინც გზაზე გადაუდგებოდა.

"პუტინს ატყუებენ, ომი ოლიგარქებს სურდათ, უკან ვიხევთ" – რაზე საუბრობდა პრიგოჟინი არეულობის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე

ვაგნერის ძალები 24 ივნისის გამთენიისას შევიდნენ დონის როსტოვში, სადაც, პრიგოჟინის მტკიცებით, აქამდე იმყოფებოდა რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ. ვაგნერის ლიდერი ამბობდა, რომ შოიგუ აქ სპეციალურად ჩამოვიდა, რათა მისი ძალების განადგურება დაეგეგმა, თუმცა, საპასუხო მოქმედებების დაწყების შემდეგ, გაიქცა. თავად პრიგოჟინი ამბობდა, რომ ეს არა სამხედრო გადატრიალება, არამედ "სამართლიანობის მარში" იყო.

ქალაქ როსტოვში ვაგნერელებმა ალყაში მოაქციეს და დაიკავეს ადმინისტრაციული და სამხედრო ობიექტები. იგივე მოხდა ქალაქ ვორონეჟშიც. პრიგოჟინის მოსკოვისკენ წინსვლას აანონსებდა. რუსეთის დედაქალაქში ამოქმედდა ანტიტერორისტული რეჟიმი.

მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალური მიმართვა გააკეთა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა. ის ამბობდა, რომ ეს მოქმედებები არის ღალატი და გადატრიალების მცდელობა და მის ლიდერებს გარდაუვალ სასჯელს ჰპირდებოდა. საპასუხოდ პრიგოჟინმა განაცხადა, რომ პუტინის მოთხოვნის გამო დანებებას არ აპირებდნენ, რადგან "ბიუროკრატიაში, ტყუილსა და კორუფციაში ცხოვრება" აღარ სურდათ.

დაპირისპირებულ მხარეებს შორის შუამავლობა დაიწყო ბელარუსის ავტოკრატმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ. საბოლოოდ მხარეებმა დეესკალაციის შეთანხმებას მიაღწიეს. პრიგოჟინმა განაცხადა, რომ "გეგმის შესაბამისად", საკუთარ ძალებს უკან, საველე ბანაკებში დააბრუნებდა. შემდეგ კრემლში განაცხადეს, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდებოდა, თავად ოლიგარქი კი ბელარუსში გადავიდოდა. თუმცა, შემდეგში რუსულმა სამთავრობო მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არ შეწყვეტილა.

არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების დროს ვაგნერელებმა ჩამოაგდეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ექვსი ვერტმფრენი, აქედან ერთი ძვირადღირებული რადიოელექტრონული ბრძოლის ვერტმფრენი და ერთი რადიოელექტრონული დაზვერვის თვითმფრინავი.

აჯანყების შემდეგ პრიგოჟინმა თქვა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 1-ელი ივლისისთვის კსკ ვაგნერის დაშლას აპირებდა. ოლიგარქის მტკიცებით, ისინი ჯავშანტექნიკას სატვირთოებზე ტვირთავდნენ, რათა როსტოვში ჩაეტანათ და უწყებისთვის საჯაროდ გადაეცათ, თუმცა მათზე იერიში მიიტანეს, რასაც, მისივე მტკიცებით, 30-მდე ვაგნერელი ემსხვერპლა. პრიგოჟინის თქმით, სწორედ ეს გახდა ესკალაციის გამომწვევი მიზეზი.

26 ივნისს პუტინმა ვაგნერელებს სამი ალტერნატივა შესთავაზა: თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის დადება, სახლში დაბრუნება, ან ბელარუსში გადასვლა.

მაისში ბახმუტის აღების შემდეგ, ევგენი პრიგოჟინმა საკუთარი ძალები ზურგში, საველე ბანაკებში გადაიყვანა და თქვა, რომ მაშინ დაბრუნდებოდნენ, როცა "სამშობლოს დასჭირდებოდნენ". უკვე რამდენიმე თვეა, რაც ვაგნერსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის დაძაბული ვითარებაა. პრიგოჟინი ხშირად ლანძღავდა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის მეთაურს, ვალერი გერასიმოვს. ის ირწმუნებოდა, რომ თავდაცვის უწყებას ვაგნერის განადგურება სურდა და ეს ჯერ კიდევ 2018 წელს, სირიაშიც კი სცადეს, როცა კერძო სამხედრო კომპანია ამერიკულ ძალებს დაუპირისპირდა და ბევრი მებრძოლი დაკარგა.

"დაიწყეს გამოჩენა ადამიანებმა, რომლებიც თითქოს ჩრდილში ისხდნენ - ისინი არ ჩანდნენ, არ ისმოდა მათი ხმა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ისინი ძალიან ეფექტიანები და ძალიან საჭიროები არიან. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები სიცოცხლეს პირველები ტოვებენ, რადგან თავს არ ინდობენ - აი უბედურება რაშია" – პუტინი

არეულობის დაწყებამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სურდა, რომ ყველა "მოხალისეობრივ დანაყოფთან" კონტრაქტი გაეფორმებინათ. ამის აუცილებლობაზე საუბრობდა პუტინიც, თუმცა ვაგნერის დამფუძნებელი უარზე რჩებოდა და აცხადებდა, რომ თავდაცვის უწყებასთან არანაირ კონტრაქტს გააფორმებდა.

კომენტარები