პრიგოჟინის ამბოხება

NY Times: პრიგოჟინს, შესაძლოა, რუსი გენერლების ნაწილი მხარს უჭერდა

სერგეი სუროვიკინი და ვლადიმირ პუტინი.

ამერიკულ გამოცემა The New York Times-სთან რუსეთში მომხდარ აჯანყებასთან დაკავშირებით ანონიმურად ისაუბრეს აშშ-ს მაღალჩინოსნებმა, რომლებსაც დაზვერვის მასალები გააცნეს.

მაღალჩინოსნების თქმით, ისინი ცდილობენ დაადგინონ ეხმარებოდა თუ არა კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დამფუძნებელს, ევგენი პრიგოჟინს გენერალი სერგეი სუროვიკინი, რომელიც უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ძალების ყოფილი მეთაურია. 

სუროვიკინს რუსეთის სამხედრო წრეებში პატივს სცემენ. მას თავად პრიგოჟინიც რუსეთის არმიის ყველაზე ნიჭიერ მეთაურს ეძახდა. უკრაინაში საოკუპაციო ძალების მეთაურის პოსტი მას ამ წლის იანვარში ჩამოართვეს, თუმცა სამხედროებში რეპუტაცია მან მაინც შეინარჩუნა. 

ამერიკელი მაღალჩინოსნების თქმით, არსებობს ნიშNები, რომ სხვა რუსი გენერლებიც, შესაძლოა, მხარს უჭერდნენ პრიგოჟინის მცდელობას, შეეცვალათ თავდაცვის სამინისტროს მეთაურობა. მოქმედი და ყოფილი ამერიკელი მაღალჩინოსნები თვლიან, რომ პრიგოჟინი აჯანყებას არ დაიწყებდა, თუ ძალაუფლების მქონე სხვა პირების დახმარებას არ ელოდა. 

მაღალჩინოსნების თქმით, პუტინმა ახლა უნდა გადაწყვიტოს, რა სჯერა, ეხმარებოდა თუ არა სუროვიკინი პრიგოჟინს და როგორ იმოქმედებს საპასუხოდ. მათივე თქმით, თუ პუტინს ექნება სამხილი, რომ სუროვიკინი ვაგნერელებს პირდაპირ ეხმარებოდა, მას მცირე არჩევანი ექნება და მისი გათავისუფლება მოუწევს. ზოგიერთმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა კი აღნიშნა, რომ პუტინმა შესაძლოა სუროვიკინი არ გაათავისუფლოს, თუ დაასკვნის, რომ მას პრიგოჟინის გეგმებზე ცოდნა ჰქონდა და არ დაეხმარა. 

ზოგიერთი ამერიკელი მაღალჩინოსანი NYT-სთან საუბარში განმარტავს, რომ შესაძლოა სწორედ სუროვიკინთან არსებულმა ალიანსმა გადაარჩინა სიკვდილს ევგენი პრიგოჟინი.

ამას გარდა, ამერიკელი მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ აშშ აჯანყების საჯაროდ განხილვას ერიდება, რადგან საბაბი არ მისცენ რუსეთის ნარატივს, თითქოს ამ მოვლენების უკან დასავლეთი იდგა. თუმცა, როგორც გამოცემა აღნიშნავს, ამერიკელ მაღალჩინოსნებს გარკვეული ინფორმაციის გასაჯაროება სურთ, რათა გენერალ სუროვიკინს, რომელსაც უფრო დიდი შესაძლებლობისა და დაუნდონელ გენერლად თვლიან, ძირი გამოუთხარონ, რაც სასარგებლო იქნება უკრაინისთვის.

სუროვიკინი აჯანყების ღამეს თავადაც გამოვიდა ამბოხის საწინააღმდეგო სიტყვით და უკრაინაში მყოფ რუს სამხედროებ მოუწოდა, დარჩენილიყვნენ საკუთარ პოზიციებზე და არ შეერთებოდნენ არეულობას. თუმცა ერთ-ერთი მაღალჩინოსნის თქმით, მისი მიმართვა "მძევლის ვიდეოს" ჰგავდა და მისი სხეულის ენა მეტყველებდა, რომ თანამოაზრე ყოფილი მოკავშირის საწინააღმდეგოდ საუბრისას თავს არაკომფორტულად გრძნობდა,

ყოფილი მაღალჩინოსნები NYT-თან ამბობენ, რომ სუროვიკინი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გადაგდებას მხარს არ უჭერდა, თუმცა ემხრობოდა თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუსა და გენშტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის გადაყენებას.


რუსეთში სამხედრო არეულობა 23 ივნისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერელების ბანაკზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა და მათ საპასუხო ნაბიჯებს დაჰპირდა.

იერიშის ბრალდების გარდა, პრიგოჟინი უკრაინაში რუსი სამხედროების დიდ დანაკარგებში თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის მეთაურს, ვალერი გერასიმოვს ადანაშაულებდა. ვაგნერის დამფუძნებელი იმუქრებოდა, რომ გაანადგურებდნენ ყველას, ვინც გზაზე გადაუდგებოდა.

"პუტინს ატყუებენ, ომი ოლიგარქებს სურდათ, უკან ვიხევთ" – რაზე საუბრობდა პრიგოჟინი არეულობის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე

ვაგნერის ძალები 24 ივნისის გამთენიისას შევიდნენ დონის როსტოვში, სადაც, პრიგოჟინის მტკიცებით, აქამდე იმყოფებოდა რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ. ვაგნერის ლიდერი ამბობდა, რომ შოიგუ აქ სპეციალურად ჩამოვიდა, რათა მისი ძალების განადგურება დაეგეგმა, თუმცა, საპასუხო მოქმედებების დაწყების შემდეგ, გაიქცა. თავად პრიგოჟინი ამბობდა, რომ ეს არა სამხედრო გადატრიალება, არამედ "სამართლიანობის მარში" იყო.

ქალაქ როსტოვში ვაგნერელებმა ალყაში მოაქციეს და დაიკავეს ადმინისტრაციული და სამხედრო ობიექტები. იგივე მოხდა ქალაქ ვორონეჟშიც. პრიგოჟინის მოსკოვისკენ წინსვლას აანონსებდა. რუსეთის დედაქალაქში ამოქმედდა ანტიტერორისტული რეჟიმი.

მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალური მიმართვა გააკეთა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა. ის ამბობდა, რომ ეს მოქმედებები არის ღალატი და გადატრიალების მცდელობა და მის ლიდერებს გარდაუვალ სასჯელს ჰპირდებოდა. საპასუხოდ პრიგოჟინმა განაცხადა, რომ პუტინის მოთხოვნის გამო დანებებას არ აპირებდნენ, რადგან "ბიუროკრატიაში, ტყუილსა და კორუფციაში ცხოვრება" აღარ სურდათ.

დაპირისპირებულ მხარეებს შორის შუამავლობა დაიწყო ბელარუსის ავტოკრატმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ. საბოლოოდ მხარეებმა დეესკალაციის შეთანხმებას მიაღწიეს. პრიგოჟინმა განაცხადა, რომ "გეგმის შესაბამისად", საკუთარ ძალებს უკან, საველე ბანაკებში დააბრუნებდა. შემდეგ კრემლში განაცხადეს, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდებოდა, თავად ოლიგარქი კი ბელარუსში გადავიდოდა. თუმცა, შემდეგში რუსულმა სამთავრობო მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არ შეწყვეტილა.

არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების დროს ვაგნერელებმა ჩამოაგდეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ექვსი ვერტმფრენი, აქედან ერთი ძვირადღირებული რადიოელექტრონული ბრძოლის ვერტმფრენი და ერთი რადიოელექტრონული დაზვერვის თვითმფრინავი.

აჯანყების შემდეგ პრიგოჟინმა თქვა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 1-ელი ივლისისთვის კსკ ვაგნერის დაშლას აპირებდა. ოლიგარქის მტკიცებით, ისინი ჯავშანტექნიკას სატვირთოებზე ტვირთავდნენ, რათა როსტოვში ჩაეტანათ და უწყებისთვის საჯაროდ გადაეცათ, თუმცა მათზე იერიში მიიტანეს, რასაც, მისივე მტკიცებით, 30-მდე ვაგნერელი ემსხვერპლა. პრიგოჟინის თქმით, სწორედ ეს გახდა ესკალაციის გამომწვევი მიზეზი.

26 ივნისს პუტინმა ვაგნერელებს სამი ალტერნატივა შესთავაზა: თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის დადება, სახლში დაბრუნება, ან ბელარუსში გადასვლა.

მაისში ბახმუტის აღების შემდეგ, ევგენი პრიგოჟინმა საკუთარი ძალები ზურგში, საველე ბანაკებში გადაიყვანა და თქვა, რომ მაშინ დაბრუნდებოდნენ, როცა "სამშობლოს დასჭირდებოდნენ". უკვე რამდენიმე თვეა, რაც ვაგნერსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის დაძაბული ვითარებაა. პრიგოჟინი ხშირად ლანძღავდა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის მეთაურს, ვალერი გერასიმოვს. ის ირწმუნებოდა, რომ თავდაცვის უწყებას ვაგნერის განადგურება სურდა და ეს ჯერ კიდევ 2018 წელს, სირიაშიც კი სცადეს, როცა კერძო სამხედრო კომპანია ამერიკულ ძალებს დაუპირისპირდა და ბევრი მებრძოლი დაკარგა.

"დაიწყეს გამოჩენა ადამიანებმა, რომლებიც თითქოს ჩრდილში ისხდნენ - ისინი არ ჩანდნენ, არ ისმოდა მათი ხმა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ისინი ძალიან ეფექტიანები და ძალიან საჭიროები არიან. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები სიცოცხლეს პირველები ტოვებენ, რადგან თავს არ ინდობენ - აი უბედურება რაშია" – პუტინი

არეულობის დაწყებამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სურდა, რომ ყველა "მოხალისეობრივ დანაყოფთან" კონტრაქტი გაეფორმებინათ. ამის აუცილებლობაზე საუბრობდა პუტინიც, თუმცა ვაგნერის დამფუძნებელი უარზე რჩებოდა და აცხადებდა, რომ თავდაცვის უწყებასთან არანაირ კონტრაქტს გააფორმებდა.

კომენტარები