უნგრეთი-უკრაინა

კიევთან შეთანხმების შემდეგ უნგრეთი EU-ში უკრაინის გაწევრიანების პროცესს აღარ შეაფერხებს

უნგრეთის არჩეული პრემიერმინისტრი პეტერ მადიარი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი  
   

უნგრეთის პრემიერმინისტრმა პეტერ მადიარმა 3 ივნისს განაცხადა, რომ უკრაინაში ეთნიკურად უნგრელების უფლებების შესახებ ბუდაპეშტმა კიევთან შეთანხმებას მიაღწია, რის საფუძველზეც ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა დაადასტურეს, რომ EU-ში უკრაინის გაწევრიანების პროცესში მომედვნო ეტაპი ივნისის შუა რიცხვებიდან დაიწყება. 

ცნობისთვის, მადიარის წინამორბედი, ვიქტორ ორბანი, ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების მხრივ პროგრესს წლების განმავლობაში ბლოკავდა და ვეტოს მოხსნის სანაცვლოდ უკრაინის მთავრობისგან 11 მოთხოვნის დაკმაყოფილებას ითხოვდა.

"პრემიერმინისტრი მადიარის განცხადება უკრაინასა და უნგრეთს შორის უმცირესობების უფლებებზე შეთანხმების მიღწევასთან დაკავშირებით კარს აღებს ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების გზისთვის." – დაწერა გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარმა, მარტა კოსმა X-ზე. 

მისივე თქმით, მოვლენების "პოზიტიური განვითარება" ნიშნავს, რომ ევროკავშირის ელჩებს შორის დისკუსიები გაიმართება ფორმალური პროცესის შესახებ, რათა მხარეებმა EU-ში უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით წინსვლა შეძლონ. 

უკრაინული მედიის მიხედვით, გაფართოების ექვსი კლასტერიდან პირველის ფორმალურად გახსნისთვის ჯერჯერობით თარიღი განსაზღვრული არ არის, თუმცა, როგორც გამოცემა Kyiv Independent-ს ევროპელმა დიპლომატებმა აცნობეს, მხარეები იმედოვნებენ, რომ გეგმის ფარგლებში უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყება 15 ივნისიდან მოხდება, ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის პარალელურად. ამასთან, ივნისის შუა რიცხვებიდან ევროკავშირი მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნას მოლდოვასთანაც აპირებს.

კომენტარები