რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსებმა ტერორისტული აქტის გეგმა დაამტკიცეს – ზელენსკი

რუსი ოკუპანტი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან
РИА Новости

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურზე ტერაქტის განხორციელების სცენარი შეიმუშავეს და დაამტკიცეს. 

ზელენსკიმ ზაპოროჟიეს ელექტროსადგურთან დაკავშირებული საფრთხეები აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან, კანადის პრემიერმინისტრ ჯასტინ ტრუდოსთან და პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდასთან გუშინ, 25 ივნისს განიხილა.

"ჩვენ პარტნიორებს გავუზიარე ის ინფორმაცია, რაც გვაქვს – ინფორმაცია ჩვენი დაზვერვისგან, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქებაზე რუსული სცენარის შესახებ, რომელზეც თანხმობა ტერორისტების მხრიდან აშკარად დამტკიცებულია.

ჩვენ უნდა გადავდგათ ძალიან კონკრეტული ნაბიჯები, ყველამ ერთად მსოფლიოში, რათა თავიდან ავიცილოთ რადიაციული ავარიები". - აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთანავე, ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსოფლიოს ყურადღება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებული რუსული საფრთხის მიმართ "ჯერ კიდევ არასაკმარისია".

"ისევე, როგორც რეაქცია რუსების მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებაზე და რუსი ტერორისტების მიზანმიმართული მცდელობა იერიში მიეტანათ კრივი რიჰში მდებარე წყალსაცავის კაშხალზე – ეს არასაკმარისია". - თქვა მან.

აქამდე, 20 ივნისს უკრაინის სამხედრო დაზვერვის მეთაურმა, კირილო ბუდანოვმა დაუშვა, რომ ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე არსებობს აფეთქების ან ავარიის საფრთხე, რადგან ოკუპანტებმა ობიექტის გამაგრილებელი დანაღმეს.

22 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დაზვერვის მთავარმა სამმართველომ მიიღო ცნობა, რომ რუსეთი განიხილავს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქების გეგმას, რაც რადიაციის გაჟონვას გამოიწვევს.

ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ რადიაციამ სახელმწიფო საზღვრები არ იცის და "ვის დაარტყამს, მხოლოდ ქარი განსაზღვრავს". ზელენსკის თქმით, უკრაინა არსებულ ინფორმაციასა და სამხილებს აწვდის პარტნიორებს: ევროპის ქვეყნებს, ამერიკას, ჩინეთს, ბრაზილიას, ინდოეთს, არაბულ ქვეყნებს, აფრიკას.

კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ზელენსკის სიტყვებს სიცრუე უწოდა.

კომენტარები