რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე ტერაქტს განიხილავს, ყველაფერი მზად აქვთ

President.gov.ua

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დაზვერვის მთავარმა სამმართველომ მიიღო ცნობა, რომ რუსეთი განიხილავს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქების გეგმას, რაც რადიაციის გაჟონვას გამოიწვევს.

"ეს-ესაა ჩვენი დაზვერვისგან და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისგან მივიღე ანგარიშ. დაზვერვამ მიიღო ინფორმაცია, რომ რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ტერორისტული აქტის სცენარებს განიხილავს - ტერორისტული აქტი რადიაციის გაჟონვით. მათ ამისთვის ყველაფერი მოამზადეს". – თქვა ზელენსკიმ სპეციალურ მიმართვაში. 

ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ რადიაციამ სახელმწიფო საზღვრები არ იცის და "ვის დაარტყამს, მხოლოდ ქარი განსაზღვრავს". ზელენსკის თქმით, უკრაინა არსებულ ინფორმაციასა და სამხილებს აწვდის პარტნიორებს: ევროპის ქვეყნებს, ამერიკას, ჩინეთს, ბრაზილიას, ინდოეთს, არაბულ ქვეყნებს, აფრიკას.

"არანაირი ტერაქტი ატომურ სადგურზე არასდროს, არსად არ უნდა მოხდეს. ამჯერად ისე არ უნდა მოხდეს, როგორც კახოვკასთან მიმართებით მოხდა: მსოფლიო გაფრთხილებულია, ეს ნიშნავს, რომ მსოფლიოს შეუძლია და უნდა იმოქმედოს". – თქვა ზელენსკიმ.

კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ზელენსკის სიტყვებს სიცრუე უწოდა.

აქამდე, 20 ივნისს უკრაინის სამხედრო დაზვერვის მეთაურმა, კირილო ბუდანოვმა დაუშვა, რომ ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე არსებობს აფეთქების ან ავარიის საფრთხე, რადგან ოკუპანტებმა ობიექტის გამაგრილებელი დანაღმეს.

კომენტარები