პრიგოჟინის ამბოხება

პოდოლიაკი: ფაქტობრივად, დღეს ჩვენ თვალს ვადევნებთ რუსეთში სამოქალაქო ომის დაწყებას

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა კომენტარი გააკეთა ევგენი პრიგოჟინისა და კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ბოლოდროინდელ ქმედებებზე. მისი თქმით, უკრაინის კონტრშეტევის დაწყებამ საბოლოოდ მოახდინა რუსეთის ელიტის დესტაბილიზაცია. 

როგორც პოდოლიაკმა აღნიშნა, მოვლენები ვითარდება იმ სცენარის მიხედვით, რაზეც უკრაინის ხელისუფლება ბოლო ერთი წლის განმავლობაში საუბრობდა.

"უკრაინის კონტრშეტევის დაწყებამ საბოლოოდ მოახდინა რუსეთის ელიტების დესტაბილიზაცია და გააძლიერა შიდა განხეთქილება, რომელიც უკრაინაში მარცხის შემდგომ გაჩნდა. დღეს ჩვენ, ფაქტობრივად, თვალს ვადევნებთ სამოქალაქო ომის დაწყებას. პრიგოჟინის ჯგუფი იკავებს სამხედრო ობიექტებს, შტაბებს და მთელ ქალაქებს, მას გზაზე თითქმის არ ხვდება წინააღმდეგობა, ის განაიარაღებს სამხედროებს და პოლიციელებს. პუტინი პრიგოჟინს მოღალატედ და უკანონოდ აცხადებს და აანონსებს სპეცსამსახურებისადმი შესაბამის ბრძანებებს, თუმცა არაფერი ხდება - მართვის კრიზისი, ძალაუფლების ფაქტობრივი დაკარგვა. ამავდროულად, ვაგნერი განაგრძობს თავის მარშს მოსკოვზე. უკრაინა განაგრძობს თავისი გზით სვლას. 1991 წლის საზღვრებამდე". - თქვა პოდოლიაკმა.


23 ივნისს პრიგოჟინმა თქვა, რომ ვაგნერის ბანაკებზე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სარაკეტო იერიში მიიტანა და საპასუხო მოქმედებებისთვის ემზადებოდნენ. ამის შემდეგ, მან განაცხადა, რომ საზღვარი გადაკვეთეს და როსტოვში შედიოდნენ. ის ასევე ირწმუნებოდა, რომ თავდაცვის სამინისტრომ თვითმფრინავებით ვაგნერის კოლონებზე დარტყმის ბრძანება გასცეს, რაზეც პილოტებმა უარი თქვეს.

"პუტინს ატყუებენ, ომი ოლიგარქებს სურდათ, უკან ვიხევთ" – რაზე საუბრობდა პრიგოჟინი არეულობის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე

"ხელს ვუშლით საკუთარი ტრა*ი გადაარჩინონ დამნაშავეებმა, რომლებმაც 100 000-მდე რუსი ჯარისკაცი გაანადგურეს, [ვალერი] გერასიმოვსა და [სერგეი] შოიგუს". – თქვა ევგენი პრიგოჟინმა.

პრიგოჟინის თქმით, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ სპეციალურად ჩავიდა როსტოვში, რათა კსკ ვაგნერის განადგურების ოპერაცია ჩაეტარებინა. მისივე მტკიცებით, მინისტრი ქალაქიდან გაიქცა. პრიგოჟინის თქმით, მისი მოქმედებები არა სამხედრო გადატრიალება, არამედ "სამართლიანობის მარშია".

პრიგოჟინი ყველაფრის განადგურებით იმუქრება. ამ დრომდე, მისი მტკიცებით, 3 ვერტმფრენი ჩამოაგდეს, მათ შორის ერთ-ერთი მოსკოვის ტრასაზე.

ამჟამად არსებული ინფორმაციით, ვაგნერის ძალები აკონტროლებენ დონის როსტოვისა და ვორონეჟის ადმინისტრაციულ შენობებს.

მაისში ბახმუტის აღების შემდეგ, ევგენი პრიგოჟინმა საკუთარი ძალები ზურგში, ბანაკებში გადაიყვანა და თქვა, რომ მაშინ დაბრუნდებოდნენ, როცა "სამშობლოს დასჭირდებოდნენ". უკვე რამდენიმე თვეა, რაც ვაგნერსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის დაძაბული ვითარებაა. პრიგოჟინი ხშირად ლანძღავდა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის მეთაურს, ვალერი გერასიმოვს. ის ირწმუნებოდა, რომ თავდაცვის უწყებას ვაგნერის განადგურება სურდა და ეს ჯერ კიდევ 2018 წელს, სირიაშიც კი სცადეს, როცა კერძო სამხედრო კომპანია ამერიკულ ძალებს დაუპირისპირდა და ბევრი მებრძოლი დაკარგა.

კომენტარები