სერბეთი

სერბეთში ვუჩიჩის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე 10 000-ობით ადამიანი გამოვიდა

AP Photo/Darko Vojinovic

სერბეთის დედაქალაქის, ბელგრადის ცენტრში პოპულისტი პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის გადადგომის მოთხოვნით ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა და მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პროტესტის რადიკალიზაციით დაიმუქრა.

პროტესტის  მონაწილეებს ვუჩიჩისა და მისი ახლო მოკავშირის, პრემიერმინისტრ ანა ბრნაბიჩის პატიმრის შავ-თეთრ უნიფორმაში გამოწყობილი გამოსახულებების პოსტერები ეჭირათ ხელში.

პროტესტის ლიდერების თქმით, მათი მოთხოვნები, რომლებიც უსაფრთხოების უმაღლესი თანამდებობის პირების გადადგომას და ძალადობის წამახალისებელი პროსახელისუფლებო ტელევიზიებისთვის ეროვნული მაუწყებლობის უფლებების გაუქმებას მოიცავს, მომავალი კვირის დასრულებამდე უნდა დაკმაყოფილდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მშვიდობიანი პროტესტი ახალ, უფრო რადიკალურ ფორმას შეიძენს.

ბელგრადსა და სხვა დიდ ქალაქებში საპროტესტო აქციები უკავშირდება მაისის დასაწყისში მომხდარ ორ მასობრივ სროლას, რის შედეგადაც 18 ადამიანი დაიღუპა და 20 დაიჭრა. მსხვერპლს შორის დაწყებითი სკოლის მოსწავლეებიც არიან. 9 ივნისს გამართული აქცია რიგით მეექვსეა მასობრივი სროლების შემდეგ.

ოპოზიცია ვუჩიჩს 11 წლიანი ავტოკრატიული მმართველობის პერიოდში შეუწყნარებლობისა და სიძულვილის ენის გაღვივებაში სდებს ბრალს.

კომენტარები