რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის მტკიცებით, პროუკრაინული ჯგუფების შეღწევა აღკვეთეს, საპირისპირო ცნობას ავრცელებს РДК

რუსული მოხალისეთა კორპუსის წევრები ჩრდილოეთ უკრაინაში
Finbarr O'Reilly/The New York Times

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ცნობას, რომ საკუთარ ტერიტორიაზე, ბელგოროდის ოლქში, "უკრაინული ტერორისტული ფორმირებების" მიერ საზღვრის დარღვევის მცდელობა აღკვეთეს და მათი თავდასხმა მოიგერიეს. მათივე მტკიცებით, მოკლეს მოწინააღმდეგის 30 სამხედრო.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საკუთარი ცნობების დასადასტურებლად არანაირი მტკიცებულება არ გაუსაჯაროებია. 

პარალელურად, საპირისპირო ინფორმაციას ავრცელებს რუსული მოხალისეთა კორპუსი (РДК). მათ საკუთარ ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნეს სამხედროების ფოტოები წარწერით: "ვმუშაობთ, თვალი ადევნეთ სიახლეებს!". ამას გარდა, მათივე ცნობით, შებეკინოსთან ბრძოლები უკვე მიმდინარეობს.

ამას გარდა, გავრცელდა კადრები რომლებშიც ჩანს შებეკინოში რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცეცხლმოკიდებული შენობა. კადრების გავრცელების შემდეგ РДК-მ საკუთარ ტელეგრამზე დაწერა, რომ მათ ამ შენობას ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემით ცეცხლი მას შემდეგ გაუხსნეს, რაც მასში ძალოვნები შეიკრიბნენ. 

"შებეკინოს შსს-ში გამოაცხადეს გეგმა "ციხესიმაგრე". პუტინის ბანდის "გაბედული" მცველები, პროტოკოლის შესაბამისად, სამმართველოს შენობაში შეიკრიბნენ. ჩვენ მათ შეკრება დავაცადეთ და გრადის რაკეტები "დავაფარეთ". შედეგი ცნობილია, Z-მედიებშიც კი. მადლობას ვუხდით ადგილობრივ მოსახლეობას დროული ინფორმაციისთვის!". – წერს პროუკრაინული ჯგუფი.

1-ელი ივნისის დილის საათებში პროუკრაინული ჯგუფები, რუსული მოხალისეთა კორპუსისა (РДК) და ლეგიონი რუსეთის თავისუფლების მებრძოლები აცხადებდნენ, რომ კვლავ შევიდნენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. ამის შესახებ ვიდეომიმართვებს ისინი საკუთარ ტელეგრამ-არხებზე ავრცელებდნენ. 

BAZA-ს ინფორმაციით, შებეკინოს დასახლება გასულ ღამეს მძიმე დარტყმების ქვეშ იყო და ერთი ჭურვი რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტსაც მოხვდა. მოსახლეობის ნაწილმა ევაკუაცია გასულ ღამეს დაიწყო.

РДК-ს ლიდერმა, დენის კაპუსტინმა ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში თქვა, რომ ისინი მშვიდობიან მოსახლეობას არ ერჩიან. მისი თქმით, მათი ევაკუაცია არ შეუძლიათ, რადგან რუსეთის ძალები ამ ტერიტორიას ბომბავენ. კაპუსტინმა დასახლების მაცხოვრებლებს მოუწოდა,  რომ სახლები არ დატოვონ.

22 მაისს რუსეთის ბელგოროდის ოლქზე მასობრივი იერიშები მიიტანეს, ამ მოვლენების ფონზე კი უკრაინის მხარეს მებრძოლმა რუსულმა მოხალისეთა კორპუსმა (РДК) და ლეგიონმა რუსეთის თავისუფლებამ გამოაცხადეს, რომ ისინი კვლავ შევიდნენ რუსეთის ტერიტორიაზე. ინფორმაცია მათ საკუთარ ტელეგრამ-არხებზე გაავრცელეს.

რუსულ მოხალისეთა კორპუსის სამხედროები აცხადებდნენ, რომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე სამხედრო დავალებებს ასრულებდნენ, ხოლო ლეგიონი რუსეთის თავისუფლება, რომელიც ასევე უკრაინის მხარეს იბრძვის, უკრაინის მოსაზღვრე რეგიონთა მცხოვრებლებს მოუწოდეს, რომ წინააღმდეგობა არ გაეწიათ.

ტელეგრამ არხებზე РДК ავრცელებდა კადრებს, რომელშიც ირწმუნებოდნენ, რომ რუსეთის ტერიტორიაზე შესული იყვნენ საბრძოლო მანქანებით. ასევე, ზოგიერთ ტელეგრამ-არხზე გავრცელდა კადრები, რომლებშიც ტანკიც ჩანს, თუმცა ამ დრომდე არ დასტურდება შეესაბამება თუ არა ეს კადრები რეალობას. ასევე, РДК-ს ინფორმაციით, მათ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მოჰპარეს ჯავშანტრანსპორტიორი.

22 მაისს პროუკრაინული ჯგუფის წინააღმდეგ ბელგოროდის ოლქში "კონტრტერორისტული ოპერაცია" გამოაცხადეს და რეგიონში, სადაც მოქმედებები მიმდინარეობდა, ევაკუაცია დაიწყეს.

უკრაინა მოვლენებში პირდაპირ ჩართულობას უარყოფს.

პირველად 2 მარტს კიევის მხარეს მებრძოლი რუსული მოხალისეთა კორპუსი უკრაინიდან რუსეთის ტერიტორიაზე, ბრიანსკის ოლქში გადავიდა და მცირე სამხედრო მოქმედებებიჩაატარა.

რუსეთის თავდაცვის უწყების მტკიცებით, გაანადგურეს 70-ზე მეტი დივერსანტი. როგორც ირწმუნებიან, "კონტრტერორისტული ოპერაციის" ფარგლებში, ავიაციის, არტილერიისა და დამატებითი სამხედრო ძალების მეშვეობით, გზა გადაუჭრეს და გაანადგურეს "ნაციონალისტების" ჯგუფები, ვინც უკრაინის ტერიტორიაზე დაბრუნება შეძლო, მათი მიმართულებით გააგრძელეს სროლა, "სრულ ლიკვიდაციამდე".

კომენტარები