რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბელგოროდზე მიტანილი იერიშების ფონზე, РДК-ს მტკიცებით, კვლავ რუსეთის ტერიტორიაზე შევიდნენ

კადრები ტელეგრამ-არხებზე გავრცელებული ვიდეოებიდან

22 მაისს რუსეთის ბელგოროდის ოლქზე მასობრივი იერიშები მიიტანეს, ამ მოვლენების ფონზე კი უკრაინის მხარეს მებრძოლი რუსული მოხალისეთა კორპუსი (РДК) აცხადებს, რომ ისინი კვლავ შევიდნენ რუსეთის ტერიტორიაზე. ინფორმაციას ისინი საკუთარ ტელეგრამ-არხზე ავრცელებენ.

რუსულ მოხალისეთა კორპუსის სამხედროები აცხადებენ, რომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე სამხედრო დავალებებს ასრულებენ, ხოლო ლეგიონი რუსეთის თავისუფლება, რომელიც ასევე უკრაინის მხარეს იბრძვის, უკრაინის მოსაზღვრე რეგიონთა მცხოვრებლებს მოუწოდებს, რომ წინააღმდეგობა არ გაწიონ.

ტელეგრამ არხებზე РДК ავრცელებს კადრებს, რომელშიც ირწმუნებიან, რომ რუსეთის ტერიტორიაზე შესული არიან საბრძოლო მანქანებით. ასევე, ზოგიერთ ტელეგრამ-არხზე ვრცელდება კადრები, რომლებშიც ტანკიც ჩანს, თუმცა ამ დრომდე არ დასტურდება შეესაბამება თუ არა ეს კადრები რეალობას. 

რუსეთის თავისუფლება ვიდეოში რუსებს მიმართავენ, რომ "ისეთივე რუსები" არიან და ამბობენ, რომ "სახლში ბრუნდებიან".

რუსული მხარე მათ ტერიტორიაზე დივერსიული ჯგუფების შეღწევის შესახებ ინფორმაციას ჯერ არ ავრცელებს.

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი წერდა, რომ უკრაინის მხრიდან ბელგოროდის გრაივორონსკის რაიონზე საარტილერიო იერიში გამთენიისას დაიწყო და რამდენიმე საათი გაგრძელდა. გლადკოვის მტკიცებით, მოწინააღმდეგე იერიშების პარალელურად "საინფორმაციო თავდასხმასაც" ახორციელებს. მისი ინფორმაციით, იერიშები დრონებითაც მიიტანეს.

2 მარტს კიევის მხარეს მებრძოლი რუსული მოხალისეთა კორპუსი უკრაინიდან რუსეთის ტერიტორიაზე, ბრიანსკის ოლქში გადავიდა და მცირე სამხედრო მოქმედებები ჩაატარა.

კომენტარები