რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პრიგოჟინი: დღეს ჩვენი ძირითადი ნაწილი ბახმუტიდან გამოვა, დანარჩენები 5 ივნისამდე გამოვლენ

ევგენი პრიგოჟინი და ვაგნერის წევრები.
კადრი 2023 წლის 1-ელი ივნისის ვიდეოდან.

კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელი რუსი ოლიგარქის, ევგენი პრიგოჟინის თქმით, დღეს, 1-ელ ივნისს მისი ძალების ძირითადი ნაწილი ქალაქ ბახმუტს დატოვებენ, დანარჩენები კი 5 ივნისისთვის გამოვლენ. 

"დღეს ძირითადი ნაწილი გამოვა, დანარჩენები კი 5 რიცხვამდე, როგორც ვვარაუდობდით, არა?" – თქვა პრიგოჟინმა გავრცელებულ ვიდეოში.

"აქ განვთავსდებით, ბახმუტში აღარ უნდა ვიყოთ. აქ მოვემზადებით, დავისვენებთ და ასე შემდეგ... მოგესალმებით ზურგის ზონაში". – უთხრა პრიგოჟინმა ვაგნერელებს.

გასულ კვირებში პრიგოჟინის ძალებმა უკრაინის ქალაქი ბახმუტის აღება შეძლეს, თუმცა 25 მაისს მათ პოზიციების რუსეთის შეიარაღებული არმიისთვის გადაცემა და დასახლებული პუნქტის დატოვება დაიწყეს. პროცესი პირველ ივნისამდე გაგრძელდება, როგორც თავად პრიგოჟინმა აღნიშნა. მან ვიდეოში, რომელიც ბახმუტის აღებასთან დაკავშირებით გაავრცელა, თავიდანვე აღნიშნა ზემოხსენებული გეგმების შესახებ და დაამატა, რომ ვაგნერი გადავა საველე ბანაკებში, მანამ, სანამ "სამშობლოს ხელახლა არ დასჭირდებიან". ამ დღეების განმავლობაში პრიგოჟინი განსაკუთრებით ხისტად აკრიტიკებდა "სამხედრო ბიუროკრატებს", თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის მეთაურ ვალერი გერასიმოვს. ის ირწმუნებოდა, რომ მათ "საბრძოლო მასალის შიმშილი" განზრახ მოუწყვეს და საკმარისი ჭურვებით არ ამარაგებდნენ.

პრიგოჟინი: ვაგნერზე ხალხის გაჩუმებით კრემლის ბიუროკრატებს თავში წკიპურტი მოხვდებათ

24 მაისს გამოქვეყნდა ინტერვიუ, რომელშიც პრიგოჟინი ამბობდა, რომ უკრაინაში "დემილიტარიზაციისა" და "დენაციფიკაციის" მიზნებმა უკუშედეგები გამოიღო. ის ასევე აქებდა უკრაინის არმიისა და დაზვერვის სიძლიერეს. 

ინტერვიუში პრიგოჟინმა გააკრიტიკა ე.წ. "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ფორმაც.

კომენტარები