აშშ-ჩინეთი

პენტაგონი: ჩინურმა გამანადგურებელმა ამერიკულ თვითმფრინავთან სახიფათო მანევრი შეასრულა

კადრი აშშ-ს ინდო-წყნარი ოკეანეთის სარდლობის მიერ გავრცელებული ვიდეოდან
U.S. Indo-Pacific Command

ჩინურმა ავიაგამანადგურებელმა სამხრეთ ჩინეთის ზღვის თავზე, საერთაშორისო საჰაერო სივრცეში მფრინავი ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის სიახლოვეს "არასაჭირო აგრესიული" მანევრი განახორციელა.

აშშ-ს შეიარაღებული ძალების ინდო-წყნარი ოკეანეთის რეგიონზე პასუხისმგებელი სარდლობის მიერ 30 მაისს გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე ვიგებთ, რომ შემთხვევა, რომლის დროსაც აგრესიული მანევრით ჩინურმა J-16 გამანადგურებელმა ამერიკულ RC-135 თვითმფრინავს ტურბულენტური ფრენა აიძულა, გასულ კვირაში მოხდა.

გავრცელებულ ვიდეოში ჩანს როგორ მიფრინავს J-16 ამერიკული თვითმფრინავის ცხვირთან ახლოს, რის შემდეგაც RC-135-ის პილოტის კაბინა ტურბულენტობის გამო რხევას იწყებს.

ვაშინგტონში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს პრესსპიკერ ლიუ ფენგიუს დეტალური კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა თქვა, რომ შეერთებული შტატები "ხშირად აგზავნის თვითმფრინავებსა და ხომალდებს ჩინეთის ახლო დაზვერვისთვის, რაც ჩინეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს".

ლიუმ დასძინა, რომ ჩინეთი გააგრძელებს საკუთარი სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დასაცავად შესაბამისი ზომების მიღებას და იმუშავებს რეგიონის ქვეყნებთან სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტირებისთვის.

ინციდენტი დროში უსწრებს ჩინეთის უარს აშშ-ს შეთავაზებაზე მიმდინარე კვირის ბოლოს სინგაპურში გასამართ უსაფრთხოების ყოველწლიურ ფორუმზე შემდგარიყო ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებს შორის შეხვედრა.

კომენტარები